მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განათლების სამინისტრო მასწავლებელთა გამოცდების სარეგისტრაციო ვადის გადაწევას არ გეგმავს

პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადავადდა და ზაფხულის ნაცვლად, შემოდგომაზე ჩატარდება. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც 30 აპრილამდე არ/ვერ გაიარეს რეგისტრაცია, შემოდგომის სასერთიფიკაციო გამოცდაზე დამატებითი რეგისტრაციის გამოცხადებას თხოვნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პრემიერმინისტრს მიმართავენ.

პედაგოგთა ნაწილი ამბობს, რომ თუ რეგისტრაციას ვერ მოახერხებენ, სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებიან, ნაწილს კი პრობლემა სტატუსის ამაღლების საკითხში ექმნება.

„მოგეხსენებათ, რომ მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია, 2020 წლის თებერვლიდან დაიწყო და არავის გავუფრთხილებივართ, რომ სექტემბრიდან სამსახურის დაკარგვის საშიშროების წინაშე დავდგებოდით. ამას, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, დაერთო დაძაბული და სტრესული სიტუაცია მთელ ქვეყანაში. ჩვენ გარდა, დაახლოებით 1500-მა პედაგოგმა ვერ მოახერხა გამოცდაზე დარეგისტრირება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს ფაქტი და გამოაცხადოთ დამატებითი რეგისტრაციის ვადები. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ 1500-მდე პრაქტიკოსი მასწავლებლის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას არ გაატარებთ და არ დატოვებთ ჩვენ ოჯახებს შემოსავლის გარეშე“, - ვკითხულობთ საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში, რომელსაც ხელს თამარ კალაძე, გია ბურნაძე და ლელა ნადირაძე აწერენ. მათი განცხადება „საქართველოს სკოლის ლიდერთა“ ასოციაციამ გაავრცელა.

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს ასოციაციაში უთხრეს, რომ პედაგოგებს, ჯერჯერობით, არც სამინისტროდან და არც პრემიერმინისტრის აპარატიდან გამოხმაურებიან.

Pia.ge დაუკავშირდა განათლების სამინისტროს მასწავლებლის განვითარების ეროვნულ ცენტრს, სადაც განუცხადეს, რომ მიუხედავად პედაგოგთა მოთხოვნისა, დამატებითი რეგისტრაციის გამოცხადება არ იგეგმება. მათივე თქმით, რეგისტრაცია ყველანაირი ტექნიკური შეფერხების გარეშე მიმდინარეობდა, ცენტრის თანამშრომლები კი პროცესის უპრობლემოდ ჩავლის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.