მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განათლების სამინისტრო საშუალო საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობას იწყებს

განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო გეგმაზე მუშაობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით, აგრძელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საშუალო საფეხურის, მე-11-მე-12 კლასების, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. შედეგად, მოსწავლეები შეიძენენ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას, უნარ-ჩვევებს, მიდგომებსა და კომპეტენციებს, რომლებიც შემდგომში მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. სასწავლო პროგრამის რევიზიაში, ასევე, აქტიურად იქნება ჩართული ესტონეთის ფონდი "ინოვე".

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ესტონეთის ელჩთან კაი კაარელსონთან, UNICEF-ის წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან და ესტონეთის ფონდ „ინოვეს“ წარმომადგენელთან, ეინარ ვარასთან დისტანციური წესით, ვიდეო-შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ხასან ხალილმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთან და ესტონეთის საელჩოსთან პარტნიორობის მთავარ პრიორიტეტს საქართველოში მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. ასევე, მან ისაუბრა ესტონეთის განათლების მოდელის გაცნობისა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, რაც გულისხმობს ბავშვზე ფოკუსირებულ და კომპეტენციებზე დამყარებულ სასწავლო პროგრამასა და ინოვაციურ და ინტერაქტიულ სწავლებას. ეს ყველაფერი კი მოსწავლეებისთვის შესაბამის სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას უწყობს ხელს. 

მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში პარტნიორობის საკითხები განიხილეს, რაც ითვალისწინებს საშუალო განათლების ზედა საფეხურისათვის პოლიტიკისა და მიზნების განსაზღვრას, კავშირებს შემდგომ განათლებასა და დასაქმების შესაძლებლობებთან, სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებას, სავალდებულო და არჩევითი საგნების განაწილებას, საგნობრივი სტანდარტებისა და პროგრამების შემუშავებას, შეფასების მექანიზმების შემუშავებას მოსწავლეთა კომპეტენციების გაზრდის მიზნით, და მოზარდების უკეთ მომზადებას ცხოვრების, დასაქმებისა და შემდგომი განათლებისათვის. 

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე და საქართველოს სკოლებში განათლების თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოცემული პროექტი წარმოადგენს 2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ლოგიკურ გაგრძელებას. თანამშრომლობის წინა ეტაპის ფარგლებში გადაიხედა I - IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიასთან ერთად, 2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში ქართველი პრაქტიკოსი პედაგოგები სასწავლო ვიზიტით ესტონეთს ეწვივნენ, რათა ადგილზე გაცნობოდნენ სწავლებისა და სწავლის ესტონურ მოდელს.  

კლასში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ 20 საპილოტე სკოლაში გაკვეთილების ჩატარების პროცესი შეცვალა და გაკვეთილები გახდა ინტერაქტიული, სახალისო, და საინტერესო. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა "ახალი სკოლის მოდელი".