მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღია სივრცეში ღონისძიებებზე 200 ადამიანზე მეტი არ დაიშვება - მთავრობის გადაწყვეტილება

ღონისძიებები ღია ცის ქვეშ

დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება. აუდიტორია კი, არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭომ 13 ივლისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით.

გარდა ამისა, ადმინისტრაციის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ღონისძიებებზე შეზღუდვები 2020 წლის მარტიდან დაიწყო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ კი, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.