მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი რამიშვილი: ჩემი კომპანიის სახელით მინდა ვთქვა, რომ კონსესუსამდე მივედით

კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი ცვლილებები „სილქ როუდ ჯგუფისა“ და კომპანია „სილქნეტის“ დამფუძნებელ გიორგი რამიშვილისთვის მისაღები და შეთანხმებულია.

„ეს რამდენიმე დღე იყო მოლაპარაკებები და ბოლოს მივედით კონსესუსამდე“, - ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და კომპანია „სილქნეტის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა საქართველოს პარლამენტში დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესი ცვლილებების შედეგად ბედნიერი არი არის, თუმცა, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია მისთვის და მისი კომპანიისთვის მისაღები და შეთანხმებულია.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ წამოვიღეთ, რაც გვინდოდა და როგორც მე მიმყავდა ეს მოლაპარაკება. მინდა აღვნიშნო სიმართლე, რომ ჩვენ ბოლოს შევთანხმდით. რა თქმა უნდა, მძიმე იყო თავიდან, მაგრამ ეხლა, დღევანდელ დღეს რაზეც შევთანხმდით და ეს აისახება საბოლოო რედაქციაში, ჩემი კომპანიის სახელით მინდა ვთქვა, რომ კონსესუსამდე მივედით. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ რა თქმა უნდა, 100% ბედნიერები ჩვენ არ ვართ. თუმცა, ვაფასებთ, რომ ვიმუშავეთ და პრინციპში ვთვლი, რომ ნორმალურია და მისაღებია საბოლოოდ რაც ჩაიწერა, თუმცა ყოველთვის არის რა თქმა უნდა, უკეთესის მოთხოვნა და სურვილი ბიზნესისგან“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე.

მისივე განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომუნიკაციების კომისიასთან მუშაობის შედეგად მისი კომპანიისთვის ყველაზე პრინციპული საკითხები ახალ რედაქციაში გათვალისწინებულია.

„საბოლოო ჯამში პარლამენტარებთან, ბატონ თალაკვაძესთან და კომისიასთან ვიმუშავეთ და შევჯერდით. რა თქმა უნდა, ეს 29-ე პუნქტი სულ რომ არ ყოფილიყო, ჩვენ კიდევ უფრო კმაყოფილები ვიქნებოდით. ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო სასამართლოს შეცვლა. ანუ რაც ჯერ კიდევ არსებობს და ლიცენზირებულ კომპანიებს, ჩვენ გვეხება, რომ მარეგულირებელს თუ უნდა რომ შემოიყვანოს რამდენიმე ჯარიმის შემდეგ დროებითი მმართველი, ამ შემთხვევაში უნდა წავიდეს სასამართლოში. ჩვენი მოთხოვნა ეს იყო, და ეს იყო პრინციპული მოთხოვნა, განსაკუთრებით ჩვენი კომპანიისთვის და ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია“,- განაცხადა გიორგი რამიშვილმა.