მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კვარაცხელია თავდამსხმელზე: თვალების ნაწილი რაც ჩანდა, შეღებილი ჰქონდა

ირაკლი კვარაცხელია თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის შენობიდან გამოუშვა

ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკში“ აყვანილი ერთ-ერთი მძევლის ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, სპეციალური ნიღბიდან ჩანდა, რომ თავდამსხმელს თვალებისა და კანის ნაწილი შეღებილი ჰქონდა.

კვარაცხელიას თქმით, მას თავდამსხმელისთვის რაიმე ინდივიდუალური მახასიათებელი არ შეუნიშნავს.

„შემიძლია გითხრათ, რომ პირი იდენტიფიცირებული არ არის. ყოველშემთხვევაში იმ მომენტისთვის, როდესაც მე დაკითხვაზე ვიყავი. თავდამსხმელს აბსოლუტურად ყველაფერი დაფარული ჰქონდა, ხელთათმანებით იყო, თვალების ის ნაწილიც კი, რომელიც ჩანს შეღებილი ჰქონდა. შესაბამისად, რაიმე მისთვის ინდივიდუალურად მახასიათებელი არ შემინიშნავს და ეჭვი მაქვს არც არავის“, - განაცხადა დღის კურიერში ირაკლი კვარაცხელიამ.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.