მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენ დავნერგეთ შრომის უსაფრთხოების კულტურა

ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი

„დღეს თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ დავნერგეთ შრომის უსაფრთხოების კულტურა საქართველოში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შრომის ინპექციის 5 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომები მკვეთრად გაუმჯობესდა.

„2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა 24 %-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის შემცირებული. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ და შევქმნათ უსაფრთხო გარემო ჩვენი მოქალაქეებისთვის რათა დაცული იყოს არა მხოლოდ მათი ჯანმრთელობა, არამედ სიცოცხლეც. ყოველივე ამით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ევროპული ოჯახისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს აისახებოდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა 2015 წელს დაიწყო. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სწორედ ამ დროს შეიქმნა. 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც დეპარტამენტს მიეცა შესაძლებლობა ჩამოყალიბებულიყო, როგორც ძლიერი მაკონტროლებელი ორგანო, ხოლო ბიზნესს მიეცა მოსამზადებელი პერიოდი, რათა გაცნობოდნენ და დაეცვათ შრომის უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნები.

შრომის უსაფრთხოება საქართველოში

2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა და შრომის ინსპექცია შრომის უსაფრთხოების ნორმების კონტროლის სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან კანონი გავრცელდა ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტებზე და დაიწყო ყველა სფეროს აქტიური კონტროლი შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე, რომელიც დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს.

ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობების აღდგენის პროცესის ეფექტურად მართვის მიზნით, დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ იქნა 33 რეკომენდაცია სექტორულ დონეზე. აღნიშნული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში, სწორედ შრომის ინსპექციას დაევალა სხვა სახელმწიფო უწყებების კოორდინირება და ინსპექტირების პროცესის მართვა მთელი საქართველოს მასშტაბით.

გარკვეული ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის აღდგენა, როგორიცაა სამშენებლო კომპანიები, სასტუმროები, სტომატოლოგიური, პროფესიული და უმაღლესი სასწვალო დაწესებულებები, ფიტნესები და აუზები, შესაძლებელი იყო მხოლოდ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგნელების შემოწმებისა და დადებითი დასკვნის გაცემის შედეგად.

კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვის მიზნით, უკვე განხორციელდა 13 300 მდე ინსპექტირება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ინსპექტირება ტარდება როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად.