მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კახიშვილი ზუგდიდში სპეცოპარაციის უსისხლოდ დასრულებისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი

„ზუგდიდში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომლის უმთავრესი საზრუნავი ადამიანების უსაფრთხოებაა და ამის გამო საკუთარი სიცოცხლის დიდი რისკის ქვეშ დაყენება შეუძლია“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი 21 ოქტომბერს ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას.

კახიშვილმა სპეცოპერაციის უსისხლოდ დასრულებისთვის შს მინისტრს, რომელიც სპესოპერაციას ზუგდიდში ხელმძღვანელობდა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

მან, ასევე, სამეგრელო-ზემო სხვანეთის პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავას საქციელი გმირობად შეაფასა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელიც სპეცოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობდა. უღრმესი მადლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას იმ გმირობისთვის, რაც მთელმა საქართველომ ნახა. მადლობას ვუხდი ყველა იმ პოლიციელსა თუ სპეცდანიშნულების რაზმის წევრს, ვინც ოპერაციის უსისხლოდ დასრულებაში და 43 ადამიანის გადარჩენაში წვლილი შეიტანა.

ადამიანის სიცოცხლე არანაირ თანხად არ შეიძლება შეფასდეს. უმთავრესი მიზანი - მძევლების უვნებლად გათავისუფლება, მიღწეულია. არ შეიძლება ფაქტის ეპიზოდურად შეფასება. გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, საქმე ბოლომდე გაიხსნება. ზუგდიდში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი და ღირებულება ადამიანი და მისი სიცოცხლეა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

⭕ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

⭕ თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. მძევლებს შორის ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო.

⭕ 22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა.

⭕ დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.