მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანონპროექტს, რომელიც სტაჟირების პირობებსაც დაარეგულირებს, პარლამენტმა მე-2 მოსმენით დაუჭირა მხარი

საკანონმდებლო ორგანო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ინიციატორის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, კანონმდებლობა სხვა ცვლილებებთან ერთად, სტაჟირების პირობებსაც დაარეგულირებს. ამასთანავე, ცვლილებები შევა დეკრეტული შვებულების კუთხითაც და შემოვა მამის კომპონენტი.

„ეს არის როგორც ღამის, ისე დღის ზეგანაკვეთური შრომისა და მისი ანაზღაურების საკითხის რეგულირება, იმისთვის, რომ თანამშრომლობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის უფრო ჰარმონიული იყოს და პროცესები გაფიცვებამდე და კატაკლიზმებამდე არ მივიდეს.

მისივე განმარტებით, ამ კანონპროექტზე მუშაობის თითქმის წელიწადნახევარი გრძელდებოდა.

„ეს იყო შეჯერების, განხილვების პროცესი, რომელშიც ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, მისი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, იმისათვის, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ცვლილებები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებს ეფუძნება, ადაპტირებული ყოფილიყო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და მაქსიმალურად გათვალისწინებული ყოფილიყო ყველა ის პოზიტიური ელემენტი, რომელიც ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია. უპრეცედენტოდ მაღალი იყო ჩართულობა ყველა მხარის - ესენია პროფკავშირები, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, ბიზნეს ასოციაცია, სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მეტნაკლებად უკავშირდება ამ პროცესს“, - განმარტა მომხსენებლემა და დასძინა,რომ შრომის ინსპექციის ძლიერი უფლებამოსილება იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ზედამხედველობა პრევენციულად განხორციელდეს.

„ვგულისხმობ მოულოდნელობის ეფექტს, რომ ნებისმიერ კომპანიაში ნებისმიერ დროს შეიძლება შევიდეს ინსპექცია, რაც თავისთავად არის მთავარი იარაღი ინსპექციისა, ყველა კომპანია ნებისმიერ დროს უნდა იყოს მზად შემოწმებისთვის, მათ უნდა ჰქონდეს მაღალი შრომითი სტანდარტები. ეს მოგვეხმარება იმაში, რომ შრომითი კულტურა გავაუმჯობესოთ, შრომითი ურთიერთობები ორგანიზაციებსა და კომპანიებში იყოს გაცილებით უკეთესი, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეული დასაქმებულის შრომითი ნაყოფიერება და ეფექტურობა იყოს გაცილებით მაღალი - ეს არის თანამედროვე ევროპული ქვეყნების საფუძველი, სადაც საქმიანობის მოტივაცია დასაქმებულს აქვს ისეთივე მაღალი, როგორც კომპანიის მეპატრონეს და დამფუძნებელს, ან მაღალი თანამდებობის პირს“, - განაცხადა მან.

ცქიტიშვილის თქმით, კანონპროექტის მიღება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს შრომის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების თვალსაზრისით. არსებული გამოწვევების, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების გათვალისწინებით საქართველოს შრომის კანონმდებლობა უფრო დაუახლოვდება ევროპული კავშირის დირექტივით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO-ს) კონვენციებით გათვალისწინებულ სტანდარტებს.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებით, საქართველო შეასრულებს „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს. კანონპროექტი თავის მხრივ ხელს შეუწყობს, შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პარლამენტი ისეთ კანონმდებლობას დატოვებს შრომის სფეროში, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით დასაქმებულებისათვის, ასევე დამსაქმებლებისათვის.

დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, კანონპროექტის ინიციატორები არიან სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.