მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართულმა და თურქულმა მხარეებმა COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული ღონისძიებების შესახებ შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი შეხვედრაზე

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული ღონისძიებების აღსრულების მექანიზმებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული და გამჭვირვალე ურთიერთობა. საბაჟო ფორმალობების გამარტივების, ეფექტური კონტროლისა და დროის დაზოგვის მიზნით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთის რესპუბლიკასთან. ორ სახელმწიფოს შორის სახმელეთო გზით გადაადგილებული საქონლის შესახებ მონაცემების გაცვლა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს“,- განაცხადა ლევან კაკავამ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი ქვეყანა, სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში, საკარანტინე ნორმების სრული დაცვით ახორციელებს ტვირთების გადაადგილებას, ხოლო სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის, საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილება სწრაფად, გამარტივებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მან თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

ვიდეოკონფერენციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდნენ.