მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველი ინფექციონისტი: როდესაც ვირუსი დაფიქსირდა, ძალიან გვიჭირდა სახლში წასვლა, პაციენტის და ერთმანეთის დატოვება

ექიმები პაციენტს სახლში უშვებენ

ინფექციონისტი ნინო ვარამაშვილი გადაცემაში "ახალი კვირა" საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების ფაქტს იხსენებს.

როგორც მედიკოსი ამბობს, COVID-19-ის გამოვლენის შემდეგ, საქმისა და სამუშაო განრიგის მიუხედავად გუნდის არცერთ წევრს სამედიცინო დაწესებულების დატოვება არ სურდა.

"როდესაც ახალი ვირუსი წარმიშვა, შევიკრიბეთ და ჩვენი უფროსისგან მოვისმინეთ ინფორმაცია. მაშინვე გვითხრა რა და როგორ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. თებერვლის დასაწყისიდან უკვე მორიგეობის ყოველდღიურ რეჟიმზე გადავედით, როცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ემოციები და ადრენალინი ჭარბობდა ჩვენს ყოველდღიურ რუტინას, იმის მიუხედავად ვიყავით თუ არა მორიგეები ძალიან გვიჭირდა სახლში წასვლა და ნამდვილად გვიწევდა დღეების გადაბმა არა მხოლოდ იმიტომ რომ ბევრი საქმე გვქონდა, არამედ იმიტომ რომ ერთმანეთისა და პაციენტის დატოვება არ გვინდოდა.

მიუხედავად იმისა რომ ლიმიტირებული გვაქვს დრო თუ რამდენი ხანი უნდა ვიყოთ თითოეულ პალატაში ჩვენ ინსტიქტებს ეს წესები ეწინააღმდეგება, ყოველთვის გვინდა რომ პაციენტებთან ხანგრძლივი კონტაქტი გვქონდეს" , - ამბობს ინფექციონისტი ნინო ვარამაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, ამ დრომდე ქვეყანაში დაავადების 91 ფაქტია დაფიქსირებული, მათგან 18 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. განკურნებულ პირებს შორის ორი ბავშვია.

COVID-19-ის პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტს ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს. ქვეყნის ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინე რეჟიმია ამოქმედებული.