მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაჭავარიანი: stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, საიდანაც 100 მლნ ივანიშვილის შენატანია, კომპენსაციას მოხმარდება

ვანო მაჭავარიანის განცხადება ბიუჯეტზე

როგორც მინისტრმა აღნიშნა, stopcov ფონდში მობილიზებული თანხა ასახულია ბიუჯეტში და მისი მიზნობრიობა სწორედ პანდემიის გამო მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ღონისძიებებს უკავშირდება.

„დღეის მდგომარეობით, stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, 134 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 34 მილიონი ლარი შემოიტანა სხვადასხვა შემომწირველმა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის დროს, ცალსახად ითქვა, რომ stopcov ფონდის თანხები ჩაირიცხებოდა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე და საჭიროების შემთხვევაში, მიიმართებოდა ან უშუალოდ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ან პანდემიით მიყენებული ზიანის კომპენსაციაზე და სოციალურ პროექტებზე. შესაბამისად, ახლა, როდესაც დაანონსდა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ღონისძიებები, ბავშვების დახმარების პაკეტი სრულად დაფინანსდება სწორედ stopcov ფონდიდან”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

მისი თქმით, ოჯახების და მათი შვილების დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტი, გაზრდილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, იქნება ყველაზე ეფექტიანი ღონისძიება ბავშვთა სოციალური მდგომარეობის მხარდასაჭერად კრიზისის განმავლობაში.

ცნობისთვის, მთავრობამ დღეს, 6 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვები და მოზარდები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.