მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე გრიგოლი მრევლს ზიარებას ბინაზე მისვლით სთავაზობს

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი

„მე გპირდებით, ვინც გაითვალისწინებს კურთხევას და საკუთარ თავსაც მოერიდება, გაითვალისწინებს უსაფრთხოების წესებს, პირდაპირ დარეკეთ, ან დაუკავშირდით, ან ჩააწერინეთ თქვენი მონაცემები, სიას გავაკეთებთ და ჩვენ მამები, სამღვდელოება სახლში მოვლენ და იქ გაზიარებენ“ - ამ სიტყვებით მიმართა მრევლს ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ.

„არც ისე ხშირად ვეზიარებით ხოლმე ჩვენ, რომ მაინცდამაინც ყოველდღიურად და ყოველ წირვაზე მოგვინდეს ზიარება. ზოგი მარტო აღდგომას მოდის. ზოგი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ეზიარება და ჩათვალეთ, რომ ჩვენი მარხვა ის არის, რომ შევასრულოთ ეს კურთხევა, რასაც გეუბნებით. თუ ხედავ, რომ ტაძარში გაშლილად ხარ და მაინც ერთმანეთის სიახლოვეს გიწევს დგომა, საკუთარი შეგნებით გადი და გარეთ რეპროდუქტორებია, ისმინება ხმა. არის ამის ყველა საშუალება. სხვა შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, ჩვენს კურთხევას, ჩვენს დავალებას, იძულებული ვიქნებით, ნათლისღების ელესია რომ არის ეზოში, გალავანში, იქ ჩავატაროთ წირვები, სადაც 5 კაცზე მეტი არ ეტევა“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, 20 მარტს კორონავირუსის გავრცელების საკითხთან დაკავშირებით სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც სამღვდელოებამ მიიღო განჩინება, რომლის თანახმად გადაწყდა, რომ ზიარების წესი კვლავ უცვლელი რჩება და მრევლი ზიარებას საერთო კოვზით მიიღებს.

21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის წარდგენის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვტილება ძალაში მისი გამოცხადებისთანავე შევიდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს. საპატრიარქოს პრეს-მდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ 21 მარტს, ბატონი პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში  და უშუალოდ გახარიასგან მოისმინა, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 2956 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 291 პაციენტი. კორონავირუსისგან ჯამში 3 ადამიანი განიკურნა.