მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობის დახმარება - ვინ და როგორ მიიღებს კომპენსაციას?

სახელმწიფო დახმარება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო ქვეყანაში დაწესებული ახალი შეზღუდვების პარალელურად, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეების ფინანსური დახმარების პაკეტი განაახლა. 

სხვადასხვა კატეგორიაში მყოფი დასაქმებულები, ასევე, სოციალურად დაუცველი და შშმ პირები მთავრობისგან დახმარებას 2021 წლის იანვრიდან კვლავ მიიღებენ.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-მ გაარკვია, როგორ მიიღებენ მოქალაქეები კომპენსაციას.

👉კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, ასევე, 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლის ჩათვლით ბავშვი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

👉 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები:

ასეთ ოჯახებს დახმარების მისაღებად რაიმე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა არ დასჭირდებათ. სოციალური მომსახურების სააგენტო, მის ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, იანვრიდან, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, მოქალაქეებს საკომპენსაციო თანხას ავტომატურად ჩაურიცხავს.

კომპენსაცია ჩაირიცხება „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებზე. ოჯახები „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშზე ჩარიცხული საკომპენსაციო თანხის განაღდებას ისევე შეძლებენ, როგორც საარსებო შემწეობის თანხას ანაღდებენ.

👉 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16 წლის ჩათვლით ბავშვი ჰყავთ:

არც ამ ოჯახებს დასჭირდებათ დამატებით რამე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა. სოციალური მომსახურების სააგენტო, მის ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, იანვრიდან ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, მათაც ავტომატურად ჩაურიცხავს საკომპენსაციო თანხას.

საკომპენსაციო თანხა ოჯახზე შეადგენს 100 ლარს. კომპენსაცია ჩაირიცხება „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებზე, 2021 წლის იანვრიდან ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში.

ოჯახები „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშზე ჩარიცხული საკომპენსაციო თანხის განაღდებას ისევე შეძლებენ, როგორც საარსებო შემწეობის თანხას ანაღდებენ, რომელიც საბანკო ანგარიშზე ერიცხებათ.

👉 მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები:

სოციალური მომსახურების სააგენტო მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (ე.წ. პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები), ასევე. 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ავტომატურად ჩაურიცხავს საკომპენსაციო თანხას, მათ არ დასჭირდებათ დამატებითი ზომების მიღება კომპენსაციის მისაღებად.

საკომპენსაციო თანხა შეადგენს პირზე 100 ლარს. კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჩაერიცხებათ „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებზე, 2021 წლის იანვრიდან ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში.

შენიშვნა: ოჯახს ან/და პირს აქვს უფლება მიიღოს ყველა ან რომელიმე ორი ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიისთვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა ყოველთვიურად, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.

შენიშვნა: 65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც „ლიბერთი ბანკში“ საბანკო ანგარიში არ აქვთ, თანხის მიღებას ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეძლებენ. ამისათვის, საკომპენსაციო თანხის გადარიცხვის შემდეგ, ოჯახის უფლებამოსილი პირი უნდა მივიდეს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

👉 დაქირავებულთა დახმარება, რომელთაც ხელფასი აღარ ერიცხებათ:

200 ლარიანი დახმარება

კორონავირუსის პანდემიის გამო, მათ ვინც დაკარგეს სამსახური ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლა, სახელმწიფო 1200-ლარიანი კომპენსაციით კვლავ დაეხმარება. კომპენსაცია, 2021 წლის იანვრიდან, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით კვლავ უნდა გაიცეს.

უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის მისაღებად საწარმო ყოველი თვის 15 რიცხვამდე ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) პირადი ვებგვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დასაქმებულთა შესახებ ინფორმაციას დადგენილი ფორმით წარადგენს.

დასაქმებულები, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს, სახელმწიფოსგან კომპენსაცია სახელფასო ანგარიშზე დაერიცხებათ.

❓მიიღებენ თუ არა კომპენსაციას ის პირები, ვინც დასაქმებული იყვნენ და ანაზღაურებას ხელზე იღებდნენ?

მიუხედავად იმისა, ხელფასი ირიცხებოდა საბანკო ანგარიშზე თუ გაიცემოდა ხელზე ნაღდი ფულის სახით, დამსაქმებელი ვალდებული იყო გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი და თქვენს შესახებ ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურში. შესაბამისად, თუ თქვენი დამსაქმებელი ასრულებდა მის ვალდებულებებს, თქვენ მიიღებთ კომპენსაციას.

ამასთანავე, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა ხელფასზეც დამქირავებელს ინფორმაცია წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში შესაბამისი თვეების დეკლარაციებით.

დამატებითი კითხვებისთვის მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრს - [email protected], ტელ: 0322 299 299.

👉 თვითდასაქმებულები:

ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება

ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 100 ათასი. ბიუჯეტი - 30 მლნ ლარი.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება კიდევ 80 000 თვითდასაქმებულს მიეცემა.

ესენი ის მოქალაქეები არიან, რომლებმაც კომპენსაციის გაცემის პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია გავლილი აქვთ, თუმცა, დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით ყველა მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს.

აღნიშნულ პირებს კომპენსაციის თანხა მათ მიერ რეგისტრაციის დროს წარდგენილ ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ეკატერინე ტიკარაძე: საპენსიო ფონდის გამოყენების საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებ

👉 სოციალურად დაუცველი ოჯახები 100-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ

👉 გაიზრდება თუ არა პურის ფასი?