მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიგერიაში გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური თავისუფალია

მეზღვაურები

30 აპრილს მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა განაცხადა. 

„ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ მძიმე სიტუაციაში იჩენენ სამაგალითო სიმშვიდეს, რითიც მნიშვნელოვნად გვიწყობენ ხელს მუშაობაში,” - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა და მეზღვაურები 20-დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლები არიან. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნებართვების მისაღებისა და ნიგერიიდან მათი ტრანსპორტირების ორგანიზების მიმართულებით. პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ჩვენ უშუალო კონტაქტზე ვართ ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და ყველა ფორმალური პროცედურა უმოკლეს დროში იქნეს გავლილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის გემთფლობელი კომპანიას და მადლობას ვუხდით მათ გაწეული ძალისხმევისთვის,“ - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.  

უკვე საქართველოშია მეკობრეების ტყვეობას გადარჩენილი 4 მეზღვაური, რომელთა ქალაქ ლომედან წამოყვანისათვის საჭირო ნებართვების მისაღებად სახელმწიფო სტრუქტურებმა უპრეცენდენტო მოლაპარაკები აწარმოეს ტოგოს ხელისუფლებასთან.