მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქი: ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, ღმერთმა ყველას უშველოს

სრულიად საქართველოს პატრიარქი

„როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა“,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა.

„ჩვენ ვმადლობთ უფალს ამდენი წყალობისათვის. წარმოიდგინეთ, საქართველოში ჩამოაქვთ ხალენი – მოსასხამი ილია წინასწარმეტყველისა, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ?! ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა. ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.

თორმეტი მოციქული უბრალო ადამიანები მეთევზეები იყვნენ – მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ – უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა. წყალობა და მადლი ღვთისა მოეფინა თორმეტ მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა. ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა და მადლობა შესწიროს უფალს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორედ, თვითონ დასაჯა საკუთარი თავი. დღეს ჩვენ მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს, მგონი, 32-ე მსვლელობაა. 33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით. ლოცულობდნენ საქართველოს გადასარჩენად და მსოფლიოსათვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა კორონა, ეს სენი მოედო შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას უშველოს, ყველას დაეხმაროს. ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი“,- აღნიშნა ილია მეორემ.