მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას ჰყვებიან Covid-19-ის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები?

ცარიელი ქუჩები აღმაშენებელზე

მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობასა და მათ შორის საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ უამრავი ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა. პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, სამსახურის დაკარგვა მოუწია უამრავ ადამიანს, ვისი სამუშაოს დისტანიურ რეჟიმში შესრულებაც შეუძლებელია.

PIA.GE იმ მოქალაქეებს დაუკავშირდა, ვინც უსაფრთხოების ზომების დაცვისა და შეზღუდვების გამო, შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე აღმოჩნდა. მათ ვინაობის გასაჯაროების უფლება არ მოგვცეს, თუმცა პრობლემის შესახებ გულწრფელად გვესაურნენ.

თვითდასაქმებული, ტაქსის მძღოლი ქალბატონი გვიყვება, რომ მისი შემოსავალი ყოველთვიურად დაახლოებით 1500 ლარს შეადგენდა. მას 6-სულიანი ოჯახი ჰყავს, რომელსაც ფინანსურად ის უზრუნველყოფდა. ახლა კი ოჯახი მხოლოდ ნათესავების იმედზეა.

„მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ტაქსით არის გადაადგილება დაშვებული, უკვე 10 დღეა სამუშაოდ აღარ გავსულვარ, რადგან ძალიან დიდი რისკია. ოჯახში 6 სული ვართ, გვყავს მცირეწლოვანი ბავშვიც. ეს შემოსავალი ერთადერთი იყო ჩემს ოჯახში, ახლა კი ამის გარეშეც დავრჩით. ჩემი ოჯახისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ყოველდღიური შემოსავალი. ჯერჯერობით მეგობრები და ნათესავები გვეხმარებიან, მაგრამ მალე შვილები შიმშილის ზღვარზე გვეყოლება“, - ამბობს ტაქსის მძღოლი ქალი.

ანალოგიურად რთული მდგომარეობა აქვს სამი შვილის დედასაც, რომელმაც სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გამო დაკარგა. მისი შემოსავალი ყოველდღიურად 50 ლარს შეადგენდა. ორი კვირაა უკვე სახლშია, რის გამოც 600 ლარამდე უკვე დაკარგა.

„ვმუშაობდი სასურსათო მაღაზიაში, 24-საათიან სმენაში, რათა ჩემი სამი შვილი მერჩინა. ვცხოვრობ საბურთალოს რაიონში სოფელ დიდგორში, მაღაზია კი დიდუბეში მდებარეობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო, სამსახურში სიარულს ვეღარ ვახერხებ. ამ მიმართულებაზე ერთი ავტობუსი დადიოდა და ისიც გაჩერდა. 15 კმ-ს ფეხით ვერ გავივლი. ახლა შემოსავლის გარეშე დავრჩით და არ ვიცი ბავშვებს რა ვაჭამო. ჩვენი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დახმარებისთვის უკვე მივმართე მერიასა და საკრებულოს“, - გვიამბობს სამი შვილის დედა.

დაახლოებით მეორე თვეა, რაც სამსახური დაკარგა თბილისში ირანული ბარის დიასახლისმაც. ის გვიყვება, რომ როგორც კი ირანთან ფრენები შეჩერდა, კლუბში სტუმრების ნაკლებობა დაიწყო და დამსაქმებელი ხელფასის გადახდას ვეღარ ახერხებდა. მისი შემოსავალი თვიურად 600-700 ლარს შეადგენდა. იგი ორი შვილის დედაა.

„დამსაქმებელმა გვითხრა, შეგვეძლო დავრჩენილიყავით და იმის შესაბამისად გადაგვიხდიდა, რამდენი სტუმარიც გვეყოლებოდა. ვისაც არ აწყობდა, თავიდანვე წავიდა, მაგრამ მე ამ პირობაზეც თანახმა ვიყავი და დღეში თუ 40 გვეკუთვნოდა, 30 ლარს ვიღებდი. გადაადგილების პრობლემაც შეიქმნა, რადაგნ დილის 4-5 საათზე იკეტებოდა ბარი და სახლში ტაქსით ვეღარ გვიშვებდნენ. ბოლოს უკვე ხალხი საერთოდ აღარ გვყავდა და კლუბიც დაიხურა“, - გვიყვება ერთ-ერთი კლუბის დიასახლისი.

ავეჯის გადაზიდვით იყო დაკავებული, ასევე თვითდასაქმებული ირაკლი, რომელიც დაახლოებით უკვე ერთი თვეა, ვეღარ მუშაობს. მას თბილისში ბინა ნაქირავები ჰქონდა, რომლის თანხასაც ვეღარ იხდის, ამიტომ სენაკში დაბრუნება მოუწია.

მისი შემოსავალი თვიურად 1300 ლარს აღემატებოდა, ახლა კი შვილისთვის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის ერთი თვის შესატანიც კი აღარ აქვს.

„თბილისში ავეჯის გადაზიდვაზე ვმუშაობდი. ახლა დაახლოებით ერთი თვეა, კორონავირუსის გამო სამუშაო აღარაა. ბინა მქონდა თბილისში ნაქირავები, რომლის საფასურიც ვეღარ გადავიხადე და დაცლა მომიწია. სენაკში დავბრუნდი. ჩემს მეუღლეს ხერხემალზე პრობლემა აქვს და ის უმუშევარია. მეც შემოსავლის ერთადერთი წყარო დავკარგე. ორი შვილი მყავს სარჩენი. სტუდენტ გოგოს, სასწავლებელში შესატან ერთი თვის თანხას - 300 ლარსაც ვეღარ ვუხდი. პირველ კურსზეა და თუ სტატუსს შეუწყვეტენ, იმასაც დავკარგავთ, რაც აქამდე გადავიხადეთ. რთულ მდგომარეობაში ვარ და გამოსავალს ვერ ვხედავ“, - ამბობს ირაკლი.

დროებით უმუშევრად დარჩა თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის, ტანსაცმლის მაღაზიის კონსულტანტი გოგოც, რომლის ხელფასი თვეში 800 ლარია. მენეჯერი ვერ პასუხობს, ხელფასის სრულ ოდენობას ჩაურიცხავენ თუ მხოლოდ ნაწილს.

„ჩემი ხელფასი თვეში 800 ლარია. მაღაზია 17 მარტს დაიკეტა, ხელფასი კი 5 აპრილს უნდა ჩაგვირიცხონ. ველოდებით. წინასწარ ვერ გვეუბნებიან სრულად აგვინაზღაურებენ თუ მხოლოდ ნამუშევარი დღეების თანხას გადაგვიხდიან“, - ამბობს კონსულტანტი მარი.

დროებით უმუშევარია ერთ-ერთი ბარის მიმტანი გოგონაც, რომლის ანაზღაურება თვეში 500-600 ლარამდეა. უკვე ორ კვირაზე მეტია სახლშია და არ იცის, როდის შეძლებს მუშაობის გაგრძელებას.

„ორ კვირაზე მეტია ჩვენი ბარი დაიხურა. მენეჯერები, მიმტანები, მზარეულები, ყველანი სამსახურის გარეშე დავრჩით. მათ ოჯახები ჰყავთ, რომელსაც ამ ხელფასით არჩენდნენ. მე უკვე დაახლოებით 400 ლარამდე ვიზარალე. არ ვიცით როდემდე გაგრძელდება ასე. ჯერჯერობით უმუშევრად ყოფნა მოგვიწევს“, - აღნიშნავს მიმტანი გოგონა.

ამ პრობლემის წინაშე დღეს საქართველოსა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში უამრავი მოქალაქეა. მათ არ იციან როგორი იქნება ხვალინდელი დღე.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას აუცილებლად დაეხმარება. თუმცა, ამისთვის ჯერ თითოეული მათგანის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და ფინანსური ზარალის ოდენობა დადგინდეს.