მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო - „კუნძული“ კოვიდ-რუკაზე

ნარიყალას უბანი

ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა - ORF Nachrichten საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის, შესახებ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანამ, რომელიც მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყნებისგან გარშემორტყმული ერთგვარი კუნძულია, ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა.

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კოვიდ-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული ქმედებების გამო, საქართველომ არა ერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა თუ ანალიტიკური ცენტრი (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრები) დააინტერესა, რომელთაც საქართველოს მაგალითი ამომწურავად შეისწავლეს.

მათივე დასკვნით, გარდა ქმედითი ნაბიჯებისა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსით პირველივე ინფიცირების შემთხვევის აღმოჩენისთანავე გადადგა, დიდი როლი ითამაშა ე.წ. სამმა მუშკეტერმა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ, რომლებმაც დაავადებათა ვირუსთან ბრძოლის ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, სტატიაში საუბარია, რომ მკაცრად კონტროლდებოდა დაწესებული შეზღუდვების აღსრულება, რომელთა უგულებელყოფის შემთხვევაშიც კერძო პირებს, ისევე როგორც კომპანიებს, რიგ შემთხვევებში დიდი ოდენობის ჯარიმები ეკისრებოდათ. ამ კონტექსტში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსახლეობაში ყოველთვის პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობის მოწოდებას დაემორჩილა და სახლში დარჩა. სტატიაში აგრეთვე ნახსენებია „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია”, რომელიც ღვთისმსახურებას პანდემიის აქტიურ ფაზაშიც აგრძელებდა.

სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის ტურიზმის გახსნას გეგმავდა, თუმცა ამ თარიღმა სიფრთხილის გამო გადაიწია.