მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამების ტაძარში აფხაზეთიდან 13 პირის ნეშტი გადაასვენეს

სამების ეკლესია

ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირიდან ხვალ, 15 აგვისტოს ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმის ფარგლებში ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 191.

„ზოგადად წითელი ჯვრის ეგიდით შექმნილი ჰუმანიტარული მექანიზმების ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩართულია სახელმწიფო მინისტრის აპარატი. წლების წინ შეიქმნა ეს ფორმატები, თუმცა პირველი იდენტიფიცირება და გადმოავენება მოხდა 2013 წელს და მას შემდეგ მიმდინარეობს ეს პროცესი. სულ იდენტიფიცირებულია და გადმისვენებულია 191 პირი, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტებისას. მათ შორის არიან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები. დღეს ჩვენ გქვონდა შესაძლებლობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შევხვედროდით 8 სამხედრო და 5 სამოქალაქო იდენტიფიცირებული პირის ოჯახს, რომელთაც კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ და კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას“,-განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა.