მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამუშაო დრო, შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა - პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა

რას ცვლის „შრომის კოდექსი“ დასაქმებულებისთვის

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი შემდეგი საკითხების მოწესრიგებას გულისხმობს: დისკრიმინაციის აკრძალვა; სტაჟიორების სამართლებრივი სტატუსი; სამუშაო დრო; ზეგანაკვეთური სამუშაო; ორსულობის და მშობიარობის შვებულება; შრომის ანაზღაურება; შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება.

უფრო დეტალურად - შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა

kali-da-katsi_o_h.jpegთანაბარი შრომის პირობებში ქალის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა აღმოიფხვრება.

კერძოდ, ქალს და კაცს თანაბარი შრომის პირობებში თანაბარი ანაზღაურება ექნებათ.

დისკრიმინაციის ფორმას წარმოადგენს შევიწროვება სამუშაო ადგილზე, მათ შორის იგულისხმება სექსუალური შევიწროვება.

სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით მიმართავს ნებისმიერ ორგანოს, კანონით, დამსაქმებელს აეკრძალება მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა.

სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი და შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა

arasrultslovani_o_h.jpeg

ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან.

კანონპროექტით, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან ხელშეკრულება იდება მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით.

14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და დღის განმავლობაში 6 საათს. 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და დღის განმავლობაში 4 საათს.

არასრულწლოვნისათვის ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგძრლივობა დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში - 4 საათს.

სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი

stazhiori_o_h.jpegდამსაქმებელს აეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორს დასაქმებულის ნაცვლად არ აიყვანენ, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს.

ერთი და იმავე პირს უფლება ექნება ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.

სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა დარეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით.

სამუშაო დრო, დასვენების-შესვენების უფლება

samushao-dro_o_h.jpeg

დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.

სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

სამუშაო დღის განმავლობაში, როდესაც სამუშაო დრო აღემატება 6 საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება. შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი. იხილეთ ვრცლად.


ზეგანაკვეთური სამუშაო

zeganakveturi_o_h.jpeg

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით.

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდგომ გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად.

მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე. დასაქმებულისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში.

შვებულება ორსულობის და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო

bavshvis-movla_o_h.jpeg

კანონპროექტით, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება მამებისთვისაცაა გათვალისწინებული.

გარდა ამისა, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით.

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით.

შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ჯამური ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარი იქნება.


შრომის ანაზღაურება

khelphasi_o_h.jpeg

კანონპროექტით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც გაიცემა არანკლებ თვეში ერთხელ.

დამსაქმებელი ვალდებული იქნება ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%.


შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება

shromis-inspektsia_o_h.jpeg

ინიციატივა გულისხმობს შრომის ინსპექციის უფლებამოსილების განსაზღვრას შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით.

შრომის ინსპექციის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება შრომის კოდექსის აღსრულება.