მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო: ტაძრის კარი არ დაიკეტება!

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლის საყურადღებოდ საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სულიერ შვილებს მიმართავს და გარკვეული რჩევის გათვალისწინებას სთხოვს.

როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ეკესიაში შესვლის მსურველთათვის ღია იქნებაღია იქნება.

"ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ.

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს.

სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:

- ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:

- ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია;

- საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში - შეზღუდული რაოდენობით მრევლიც;

- საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

- მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

- სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;

- მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს.

ილოცეთ და გაძლიერდით!

"უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით," - ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი", - ნათქვამია გვარცელებულ განცხადებაში.

30 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ეკლესიასთან კომპრომისს აუცილებლად მიაღწევს.

"ეკლესიასთან კომუნიკაცია იყო და გაგრძელდება. ასეთი კომუნიკაციის შედეგია, მაგალითად, ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები; მოახერხა ეკლესიის ეზოების ხმის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა იმისთვის, რომ მრევლს შეეძლოს, გარეთ იმყოფებოდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. დარმწუნებულები ვართ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

26 თებერვლიდან დღმდე საქართველოში კორონავირუსისი 115 ფაქტია გამოვლენილი. მათგან გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი, ხოლო მკურნალობას 90 პირი განაგრძობს.