მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფლის მეურნეობა - დარგი, რომლის გაჩერებაც კარანტინის რეჟიმშიც დაუშვებელია

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდენ ქართველი ფერმერები კორონავირუსის გამო.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. თუმცა, აგრარული მეურნეობა ის სექტორია, რომლის მუშაობა ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია  და მისი გაჩერება დაუშვებელია. რა პრობლემები შეუქმნა საქართველოში ფერმერულ მეურნეობებს კორონავისრუსის (COVID-19) გამო დაწესებულმა საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმებმა და როგორ უნდა გაუმკლავდეს დარგი ახალ გამოწვევებს? – ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე გვესაუბრება.

- რა გამოწვევების წინაშე დააყენა კორონავირუსის გავრცელებამ ქართველი ფერმერები?

- უმთავრესი გამოწვევა საგაზაფხულო სამუშაოებს უკავშირდება. ახლა ცოტა გართულებულია სესხის აღება. ასევე, რეგიონიდან რეგიონში არის გადასაყვანი მუშახელი და ამ მხრივ სირთულეები იქმნება, რადგან მანქანაში 3 კაცზე მეტის ყოფნა აკრძალულია. დაემთხვა ისიც, რომ არ იყო ნალექი და გვალვიანი წლის გამო, მიწები ძალიან გამომშრალია, რაც ართულებს მიწის დამუშავებას. ესეც დამატებითი გამოწვევაა. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ადამიანური შიშიც, რომელიც რეალური საფრთხიდან მომდინარეობს. ფერმერებს სამუშაოების დროს მოუწევთ ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რათა ამ პროცესში დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

 - თქვენ, როგორც მთავარი მედიატორი ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის, რამდენად ხართ ჩართული შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფაში?

- ჩვენ, მართლაც მედიატორები ვართ სახელმწიფოსა და ფერმერებს შორის. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც აგრარულ მეურნეობას ეხება, ჩვენს ფერმერებთან თანხმდება. რაც ახლა ხდება, ამისთვის მზად არავინ იყო, თუმცა სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, რომ ფერმერებს მოტივაცია გაუღვიძოს. ღიაა ყველა ის მაღაზია, რომელიც ფერმერებს სჭირდებათ. ისინი შეუფერხებლად ყიდულობენ აგრო პროცედურებისთვის საჭირო საშუალებებს, როგორიც არის, თესლი, პესტიციდი, გვარჯილა და სხვა. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსთან, რომელთანაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება კიდევ. ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ მეტი თანხა გამოიყოფა მრავალწლოვანი კულტურების წარმოებაში. ასევე, სამაცივრე და შემნახველი მეურნეობების შექმნაში და ახალი პროექტების განვითარებაში, მაგალითად როგორიც არის აკვაკულტურა.

- რა ინიციატივებით მიმართეთ მთავრობას, იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს შეზღუდვების გავლენა ფერმერულ მეურნეობებზე?

- შევხვდით პრემიერ-მინისტრს და გავაცანით მას ყველა მოთხოვნა. ვითხოვეთ, პირველ რიგში რომ მომხდარიყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქონების გადასახადის გადავადება, რომელიც მათ ახლა უწევთ. ასევე, ცვლილება საგადასახადო კოდექსში, კონკრეტულად კი, საგადასახადო კოდექსში შეღავათის სახით ჩაიწერა, რომ სოფლის მეურნეობაში მოღვაწე პირი, რომლის შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან; მოგვიანებით, ამავე პუნქტში შეიცვალა სიტყვა „პირი“, „ფიზიკური პირით“, რაც საგადასახადო ინსპექციის შესვლის შემთხვევაში, იმ მეწარმეების დაჯარიმებას გამოიწვევს, ვისაც ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. არის მზაობა და დაპირება, რომ მთავრობა ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს.

- თქვენი დარგის საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობთ, რა რეკომენდაციები მიიღეთ მათი მხრიდან?

- ყველა დონორი ორგანიზაცია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციას ეყრდნობა. ძირითადი მოთხოვნა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლაა (თუ ამის საშუალება არსებობს). კონკრეტულად, ფერმერებისთვის ეს წარმოუდგენელია, რადგან ამ პერიოდში ხვნა-თესვა იწყება. თუმცა, ყველა სხვა მოთხოვნა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა შესრულდეს, როგორიცაა ხელის მრავალჯერ დაბანა, დისტანციის დაცვა, სპეციალური ეკიპირების გამოყენება და გამოყენების შემდეგ, მისი სწორი უტილიზაცია. ჩვენც, ერთის მხრივ, გადავედით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, თუმცა ვაძლიერებთ ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა მაგალითად soplidan.ge, რადგან ჩვენს ფერმერებს გაყიდვების პრობლემა არ შეექმნათ. განსაკუთრებით კარანტინის რეჟიმის შეზღუდვებისას, მნიშვნელოვანია მეწარმეებს სარეალიზაციო ბაზარი შეუნარჩუნდეთ.

 - როგორია ვითარება საბანკო სექტორთან ურთიერთობაში და რა სახის სერვისებს საჭიროებენ ახლა ფერმერები?

 - პრაქტიკულად ყველა ბიზნესმა საბანკო სექტორისგან ითხოვა, სამი თვის ვადით სესხის გადახდის შეჩერება და მათ ეს შეასრულეს. თუმცა, ახლა კიდევ უფრო სწრაფად არის საჭირო მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტება, რათა ისინი არ გაჩერდნენ. ამიტომ ბანკების როლი ძალიან დიდია. ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვაქვს მთავრობასთანაც და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებები იქნება.

- საერთაშორისოო დონორი ორგანიზაციების მხრიდან ხომ არ იგეგმება ფინანსური ან ტექნიკური დახმარება ქართველი ფერმერებისთვის?

- ევროკავშირი და USAID საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელ დახმარებას უწევს. გააქტიურებულია ის პროექტები, რომლებიც ფერმერული მეურნეობების გაძლიერებას ემსახურება. უბრალოდ, აქ გამოწვევას ის საგრანტო კომპონენტები წარმოადგენენ, რომლებიც სხვადასხვა საშუალებების შეძენას გულისხმობს. იქიდან გამომდინარე, რომ მაღაზიები დაკეტილია, შესაძლებებლია ეს პროცესი დროში გაიწელოს. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალი მეწარმეებისთვის ონლაინ მაღაზიის პლატფორის შექმნას გეგმავს, რათა მათ პროდუქციას მეტი რეკლამა გაუწიოს. ზოგადად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველა მხარემ სხვაგვარად დაიწყო ფიქრი და მგონია, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სამუშაო განხორციელდება შემნახველი მეურნეობების გაძლიერების კუთხით.

 - რა გეგმები გაქვთ კორონავირუსის პანდემიისა და შესაბამისად, საყოველთაო კარანტინის დასრულების შემდეგ დარგის სწრაფად ასაღორძინებლად და ჩვეულ რიტმში ჩასაყენებლად?

- გამოწვევები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ შექმნა, მთელ ეკონომიკას შეეხო და ფერმერული მეურნეობაც მისი ერთი ნაწილია. ვფიქრობ, მომავალში უფრო სრაფი ტემპით უნდა მოხდეს სასამართლოში სამოქალაქო დავების განხილვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონების გამონთავისუფლება, რაც ლიკვიდურობას შეუწყობს ხელს, უნდა შემცირდეს ბიუროკრატია და დაჩქარდეს აღსრულება. მნიშვნელოვანია, ასევე, საფინანსო ინსტიტუტებისა და ეროვნული ბანკის ჩართულობა. ფინანსური ინტერვენციის თვალსაზრისით, ასევე საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა და სწრაფი კომუნიკაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ასეთ დროს გამოსავალი ვფიქრობ, გარე ვალის აღებაც შესაძლოა იყოს.

- როგორია თქვენი რეკომენდაციები ფერმერებისთვის?

- ყველაზე რთულია უთხრა ფერმერებს, რომ არ უნდა ეშინოდეთ. თუ გადავხედავთ მსოფლიო რუკას, ვნახავთ, რომ ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი კოლაფსს განიცდიან. მათ შორის ნიდერლანდებიც, რომელიც ცნობილია ფერმერული მეურნეობებით. აქ საქმე ეხება სიცოცხლეს და ძალიან რთულია ესაუბრო მაღალ მატერიებსა და მოტივაციაზე. ყოველ შემთხვევაში, გვინახავს, რომ ფერმერებს ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი არ მიუტოვებიათ თავისი საქმიანობა. ამიტომ ის, რომ გასაღების ბაზარი არსებობს და მოთხოვნა გაიზრდება, ეს მათ იციან და ისღა დაგვრჩენია, რომ ერთმანეთს საქმე გავუმარტივოთ. დაბოლოს, მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ფერმერებთან სწორი კომუნიკაცია, რათა მათ ყველა რეკომენდაცია და სტანდარტი სრულად დაიცვან.