მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

StopCov-ის ფონდში ბიზნესმა და მოქალაქეებმა ჯამში 5 მილიონი გადარიცხეს

კორონავირუსის ფონდი

შექმნილია StopCov-ის ფონდი, სადაც მოქალაქეები და ბიზნესის წარმომადგენლები თავისი ნება-სურვილით რიცხავენ თანხას. ბიზნესომბუდსმენის მიხეილ დაუშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფონდში დაახლოებით 5 მილიონი ლარია აკუმულირებული.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთმა მოქალაქემ, ასევე ათეულობით კომპანიამ მოგვმართა, რომ მათ სურდათ დახმარებოდნენ სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ერთიანი პლატფორმა, ფონდი, რომელსაც ჰქვია StopCov ფონდი, რომლის მიზანია ასეთი ტიპის დახმარებები და მხარდაჭერის აკუმულირება მოხდეს ერთ წერტილში. იმის მიხედვით, თუ სად იქნება ყველაზე მეტი საჭიროებები სახელმწიფოსათვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომ მოხდეს ამ ფონდში აკუმულირებული თანხების მიმართვა მიზნობრივად სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ. რა თქმა უნდა პირველი პრიორიტეტი იქნება ჩვენი სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, როდესაც ამის საჭიროება დადგება. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და ზოგადად საზოგადოების, ბიზნესის და სახელმწიფოს გაერთიანება და კონსოლიდაცია ასეთი გამოწვევების პირობებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო. დარწმუნებული ვარ, ამ ერთიანობით და კონსოლიდაციით ეფექტურად გავუმკლავდებით კორონავირუსს.

დღეისათვის ფონდში აკუმულირებულია დაახლოებით 5 მილიონი ლარი. აქტივობა საკმაოდ მაღალია", - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.