მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, საქართველოს დამოუკიდებლობის 102 წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან, საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღთან -  დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სტუდენტებსა და კოლეგებს  უნივერსიტეტის ოფიციალური ფეისბუქის გვერდის  მეშვეობით მიმართა.  

 „ძვირფასო სტუდენტებო, კოლეგებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, 26 მაისს ვულოცავ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადამიანებს, ვინც აშენებს თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მომავალს. საქართველოს ისტორიაში 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია - ეს არის ჩვენი სამშობლოს ისტორიის ღირსეული ფურცელი, ერთგულების, თაგანწირვისა და ვაჟკაცობის სიმბოლო, მთავარი იდეა და საყრდენი რაზედაც საუკუნეების განმავლობაში იდგა ქართველი ერი.  26 მაისისათვის იბრძოდნენ ჩვენი სახელოვანი გმირები. დღეს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წლის შემდეგ, საქართველოს მომავალს, ახალ თაობას შეუძლია იამაყოს - ჩვენს წინაპრებს ამაოდ არ დაუღვრიათ სისხლი.  102 წლის წინ მიღწეული თავისუფლება, სამწუხაროდ დიდხანს ვერ გაგრძელდა, მაგრამ ქართველ ხალხს არ შეუწყვიტავს ბრძოლა სანუკვარი მიზნის მისაღწევად და როცა, 29 წლის წინ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი იქნა აღდგენილი, სრულიად ერმა ამ დიდ ისტორიულ მომენტს ერთხმად დაუჭირა მხარი. ეს იყო სულის ზეიმი, მომენტი, როცა ქართული დროშის ქვეშ დამოუკიდებელი საქართველო გაერთიანდა. დარწმუნებული ვარ, რომ 102 წლის წინ, 26 მაისს საქართველოსთვის დადებულ ფიცს ყოველი ჩვენგანი ითავისებს და იზიარებს. ამიტომ, ვიტოვებ უფლებას, საქართველოს მომავალს - სტუდენტებს, მოგმართოთ სიტყვებით, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტისთვის  მნიშვნელოვანმა მეცნიერმა, ცნობილმა მათემატიკოსმა, მეტალურგმა, გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთმა დამაარსებელმა და სპორტის ცნობილმა მოღვაწემ, დიდი ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა - გიორგი ნიკოლაძემ დაამკვიდრა პირველი რესპუბლიკის დროს: გუშაგობ მამულს? პასუხი კი მხოლოდ ერთი და ყოვლისმომცველი სიტყვაა: მარად!  ალბათ, იკითხავთ, რატომ? - მომავალში პროფესიონალ, შეუპოვარ და გაუტეხელ ადამიანებად რომ ჩამოყალიბდეთ და ნიკოლაძისეულ შევარდნებად იქცეთ, იმისათვის, რომ ერთად და ბოლომდე მივყვეთ დაწყებულ საქმეს, ერთად ვაშენოთ საქართველო, როგორც ძლიერი, განათლებული, განვითარებული და მაღალი დემოკრატიის პრინციპების ერთგული სახელმწიფო.

გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან თარიღს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!

#ესდღეჩვენია“, - ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართვაში.

davit-gurgenidze_o_h.jpeg