მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თიბისი შექმნილ ვითარებაში ყველა თანამშრომელს შეინარჩუნებს

თიბისი შექმნილ ვითარებაში ყველა თანამშრომელს შეინარჩუნებს

თიბისის ინფორმაციით, კომპანიის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. თიბისის გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს. ასევე, თიბისის მენეჯმენტი მიმდინარე წელს უარს ამბობს საბონუსე კომპენსაციაზე, რაც, როგორც წესი, ანაზღაურების 70%ია.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად მოკლე დროში კომპანიის თანამშრომლების დისტანციურ და ციფრულ მოდელზე ეფექტიანად გადაყვანის გზით, ასევე, მენეჯმენტის მიერ წლიური ბონუსების დათმობის ხარჯზე.

„თიბისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად მყარი დამსაქმებელი კომპანიაა და ჯამში 7000-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიისთვის პრიორიტეტულია, გუნდი წევრებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობისა და ფიზიკური თუ ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა და შენარჩუნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თიბისის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, მენეჯმენტი წელს არ აიღებს საბონუსე კომპენსაციებს, რაც წლიური ანაზღაურების 70%. 

„ჩვენ კარგად გვესმის, რა რთულ დროში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაოს შენარჩუნება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის და მათი ოჯახებისთვის. თიბისის კულტურა სწორედ ურთიერთმხარდაჭერის და გვერდში დგომის ფასეულობებზე დგას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არცერთ თანამშრომელს არ გავათავისუფლებთ კრიზისის მიზეზით 2020 წლის განმავლობაში და მაქსიმალურად შევეცდებით, გავუმარტივოთ მათ ცხოვრება ამ რთულ პერიოდში. ამასთანავე, გადავწყვიტეთ, რომ მენეჯმენტი წელს არ აიღებს საბონუსე კომპენსაციებს, რაც წლიური ანაზღაურების 70%. 

ჩვენ დიდი ხანია, ვახორციელებთ კომპანიის უპრეცედენტო ციფრულ ტრანსფორმაციას, ეს ჩვენი სტრატეგიაა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა შექმნილმა რეალობამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო მოქნილები და ძლიერები გამოვალთ და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება სამომავლოდ ჩვენი მისიის შესასრულებლად“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.