მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკო ამერიკული დახმარების ფარგლებში კიბერუსაფრთხოებას აუმჯობესებს

ცესკო კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებაზე

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნებისთვის, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისგან (IFES) დახმარებას მიიღებს“, - ამ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, IFES-ი საქართველოში მისი მოქმედების სტრატეგიული მიზნებიდან და მანდატიდან გამომდინარე, ცესკოს სასერვერო ინფრასტრუქტურას აახლებს და ამ მიზნით გეგმავს შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის.

„აღნიშნული დახმარების მიღების თაობაზე გადაწყვეტილება ცესკომ 30 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.

დღეს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ და კომპანია „იუ-ჯი-თის“ წარმომადგენელმა ერმილე სულაძემ.

სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, IFES-ი, კომპანია „იუ-ჯი-თისგან“ ცესკოსთვის შეიძენს სერვერებსა და სასერვეროს გამართვა-აღჭურვისთვის საჭირო შესაბამის მოწყობილობებს. ასევე, განხორციელდება სასერვერო აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგი.

ახალი სასერვერო ინფრასტრუქტურა ცესკოს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოს კრიტიკული ინფორმაციის დაცვა და იმ ინტერნეტსერვისების შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირება, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ სხვა მხარეებს სთავაზობს.

საარჩევნო ადმინისტრაციის სათანადო საინფორმაციო ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და თანამშრომლების კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით გადამზადება ხორციელდება საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის პროექტის - „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ (EPPS) ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში განმარტებულია, რომ კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით პერსონალის გადამზადებასა და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განახლებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და USAID-ის და IFES-ის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში შედგა.

„10 იანვარს ცესკოში გამართულ შეხვედრაზე მხარეები 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.

თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესება/დახვეწის მიმართულებით, შექმნილი აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რითაც ხელს უწყობს არსებული საარჩევნო პროცესების უწყვეტად წარმართვას და ინფორმაციის სათანადო დაცვას, უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირებას და ინფორმაციული აქტივობის მთლიანობას, ხელმისაწვდომობასა და კონფიდენციალურობას. აღნიშნული მიმართულებით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო დახვეწოს საკუთარი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში.

tsesko_o_h.jpeg