მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი საკარანტინო ზონა კიდევ 85-მა მოქალაქემ დატოვა

საკარანტინო სივრცის დატოვება

თბილისში მდებარე სასტუმრო "ივერია ინნ"-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცე 85-მა ადამიანმა დატოვა.

მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელები დაუბრუნდენ.

საკარანტინო ზონიდან გამოსული 24 მოქალაქე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თბილისის მერიის მიერ სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა სასტუმროში საკარანტინო ზონებს ქმნის და მათ ოპერირებას ახდენს. ამ ეტაპზე საკარანტინო ზონისთვის 72 სასტუმროა შერჩეული, სადაც 4828 ადამიანია განთავსებული. ეტაპობრივად უკვე დაიწყო საკარანტინო ზონებიდან ადამიანების გადაყვანა. საკარანტინო ზონებში ადამიანების ტრანსპორტირება, განთავსება და შემდეგ მომსახურება ხდება უსაფრთხოების ზომების დაცვით და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამ ზონებში ყველა პირობაა, რომ ადამიანმა 14 დღის განმავლობაში თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს. ამ ეტაპზე მთელ საქართველოში 660-მა ადამიანმა დატოვა საკარანტინო ზონა,დღეს ამ ლოკაციიდან 85 ადამიანი დაუბრუნდება ოჯახს, რა თქმა უნდა ჯანმრთელები და ექიმების დადებითი დასკვნით“,- აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

"დღეს კიდევ 85 ადამიანი ტოვებს საკარანტინო ზონას სასტუმრო "ივერია ინნ"-იდან. ეს ადამიანები არიან სრულიად ჯანმრთელები. ვულოცავ მათ და მათ ოჯახებს ამ დიდ სიხარულს. მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც ტურიზმის ადმინისტრაციას ამ პროცესის ორგანიზებისთვის, ასევე, სასტუმრო "ივერია ინნ"-ის ხელმძღვანელობას და პერსონალს და თბილისის სამარშრუტო ტაქსების ხელმძღვანელობას. თბილისის სამარშრუტო ტაქსები 85 ადამიანიდან 24-ს გადაიყვანენ საქართველოს 7 სხვადასხვა რეგიონში,"-აცხადებს ილია ელოშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასტუმროში აწყობს საკარანტინო ზონებს. ტურიზმის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას.