მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უარესის მოლოდინი არ გვაქვს“ - ხუნდაძე კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, 2020

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს.

მიუხედავად ზაფხულში შემცირებული რაოდენობებისა, ვხედავთ, რომ მატება ყველგან არის, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების მიუხედავად, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვცდილობთ, დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რითმს, ვაპირებთ რომ გავხსნათ სკოლებიც.

საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, რომ ადრე, საწყის ეტაპზე როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა ნაკლები იყო, მაშინ ზომები უფრო მეტად მკაცრი იყო, საგანგებო მდგომარეობაც შემოვიღეთ, მაგრამ დღეს როცა ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ეს იყო აქამდე, დღეს შეზღუდვები უფრო ნაკლებია. ვფიქრობ, ეს არის სწორი და ასე იქცევა მსოფლიო. ამის მიზეზია ის, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც ქვეყნები ამისთვის მზად არ იყვნენ, უარესის მოლოდინი იყო. უარესის მოლოდინი იყო საქართველოშიც, როდესაც ვუყურებდით ჩვენ რა ხდებოდა ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში, როდესაც სიკვდილობის საერთო მაჩვენებელი 7% იყო და ზოგიერთ ქვეყანაში ის 13-15%-ს აღწევდა.

მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო არის უკეთ მზად და შესაბამისად უარესის მოლოდინი დღეს ნამდვილად არ გვაქვს. იმ აუცილებელი საჭიროებების დეფიციტი აღარ არსებობს დღეს, რაც მანამდე შეინიშნებოდა, მაგალითად პირბადეები, რომელიც თავიდან გათვლილი იყო მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის და საჭირო გახდა წარმოება გაზრდილიყო. დღეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტი აღარ არსებობს. ასევე კლინიცისტებს აქვთ უფრო მეტი გამოცდილება, როგორ მართონ მძიმე პაციენტი. სიკვდილობის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს არის. ვფიქრობ პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის ჯამში 5866 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2324 გამოჯანმრთელებულია, 34 გარდაცვლილი.