მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაკეში, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა

თბილისის მერია ვაკის რაიონი

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„შემოღობილ ტერიტორიაზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, განთავსდება საბავშვო ზონა ატრაქციონებით, დამონტაჟდება სკამები, სანაგვე ურნები. კეთილმოწყობილ სკვერში მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, უკვე დამონტაჟდა განათების ბოძები, ასევე, დაირგო მცენარეები და მხატვრების მიერ მოიხატა კედლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე შევქმნათ, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვცდილობთ სკვერები, რომლებითაც ისარგებლებენ ბავშვები და უფროსები, იყოს კომფორტული, ლამაზი და ხარისხიანი. ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობასაც, რომ გაუფრთხილდნენ გარემოს და ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს.

მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში 14 დასასვენებელი სივრცე მოეწყო, კიდევ რამდენიმე მისამართზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს.