მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოთხიდან ოთხი - საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიაც დაამარცხა

საქართველომ შვეიცარია დააამარცხა
1606752005
სპორტი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე მატჩიც მოიგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა შვეიცარია დაამარცხა, რომელმაც ორი დღის წინ სენსაციურად სერბეთის ნაკრებს აჯობა.

საქართველო უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა და მთლიანობაში მეტოქეზე უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა. ქართველმა კალათბურთელებმა პირველი ტაიმი 7 ქულით მოიგეს და ზოგადად, პირველი სამი პერიოდი საქართველომ მოიგო და დასკვნითი მეოთხედის წინ 11-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

დასკვნით ნაწილში შვეიცარია კარგად გამოიყურებოდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და საბოლოოდ ჯგუფში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა - 91:84.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო ტედ მაკფადენი იყო, რომელმაც 24 ქულა და 6 პასი მიითვალა. თორნიკე შენგელიამ 21 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მოიპოვა, ხოლო წინა თამაშის გმირმა, გიორგი შერმადინმა 11 ქულას, 8 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მთლიანობაში უფრო გუნდური თამაში აჩვენა და ქულები სხვა კალათბურთელებმაც მოიპოვეს - ბექა ბუქაურმა (6 ქულა), გიორგი კორსტანტიამ (9), გივი ბაქრაძემ (12), ალექსანდრე ფევაძემ (8), მერაბ ბოქოლიშვილმა (3) და ილია ლონდარიძემ (1).

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ მატჩს 19 და 21 თებერვალს, შესაბამისად სერბეთისა და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს. მოგეხსენებათ, ილიას ზუროსის გუნდისთვის ამ შესარჩევ ციკლს სატურნირო დატვირთვა არ გააჩნია, რადგან მასპინძლის სტატუსით ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისედაც მოპოვებული აქვს.

შვეიცარია - საქართველო 84:91 (24:27, 15:19, 15:19, 30:26 )