მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევექსი ჰოსპიტლები ინფიცირებული პაციენტების სამართავად საწოლფონდის გაზრდას და დამატებით 200-მდე საწოლის გამოყოფას აანონსებს

ევექსის განცხადება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე

ევექსი ჰოსპიტლებმა Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ქვეყნის მასშტაბით თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში უკვე გამოყო 634 საწოლი. ამის შესახებ ინფორმაციას ევექსის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„თბილისში ჰოსპიტალური ქსელის ორი მძლავრი სამედიცინო ცენტრი - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი და ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (სულ 377 საწოლი) სრულად გადაეწყო ინფექციური პროფილის კლინიკებად, სადაც მხოლოდ კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მომსახურება ხორციელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ კლინიკებში კოვიდ-დადებითი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სრული გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიღება.

რეგიონებში კი ინფიცირებულ პაციენტებს ევექსი ჰოსპიტლების ქობულეთის, ფოთისა და ქუთაისის 3 სამედიცინო ცენტრი, ჯამში 257 საწოლი ემსახურება. ინფექციური პროფილით გადაკეთებული ჰოსპიტლები საჭირო, გამართულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ, სადაც სარეზერვო გუნდებად დაკომპლექტებული სამედიცინო პერსონალი მკურნალობის პროცესში მონაცვლეობით ერთვება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა მკვეთრი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალური ქსელის მიერ დღემდე გამოყოფილი საწოლფონდის სრული დატვირთვა არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, კომპანია განაგრძობს მოსახლეობის მხარდაჭერას და სამომავლოდ დამატებითი საწოლების გამოყოფას აანონსებს.

ამ ეტაპზე, კომპანია ინფიცირებული პატარა პაციენტების სამართავად თბილისში, ი.ციციშვილის სახელობის კლინიკის და ბათუმში, იაშვილის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს შესაფერისი მიმართულებით გადაწყობაზე და მედპერსონალის გადამზადებაზე მუშაობს. უმოკლეს დროში ორივე კლინიკა შეძლებს ინფიცირებული პაციენტების მიღებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის თანახმად, დღეის მონაცემებით, ევექსი ჰოსპიტლების მიერ ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილ სამედიცინო ცენტრებში წარმატებით იმართა და ბინაზე გაეწერა 700 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ევექსი ჰოსპიტლები კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ქსელში დასაქმებულ მედპერსონალს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის.

„შეგახსენებთ, რომ ევექსი ჰოსპიტლები იყო ერთ-ერთი პირველი სამედიცინო ქსელი ქვეყანაში, რომელმაც კოვიდ 19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან დაინფიცირებული პაციენტების სამართავად 700 საწოლის გამოყოფაზე მზაობა გამოთქვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.