მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს - მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნულ პლატფორმას“, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს მნიშვნელოვან წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, საქართველოში წამყვანი ტექნოლოგიებითა და საშუალებებით აღჭურვილი კიბერლაბორატორია შეიქმნება: „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების ბიურო მუშაობს კიბერლაბორატორიის დაფუძნებაზე, რომელიც აღიჭურვება წამყვანი ტექნოლოგიებითა და საშუალებებით“.

თავდაცვის მინისტრმა აუდიტორიას, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებული წარმატებული პროექტებიც გააცნო. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა 2019 წელს ნატოს კიბერუსაფრთხოების სწავლებაში - „კიბერ კოალიცია“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით კიბერუსაფრთხოების ბიუროს მონაწილეობაზე; ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობებისა და საშუალებების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ბიურო აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის განვითარებას უზრუნველყოფს.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ინსტიტუტების, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთო გამოწვევებს განიხილავენ და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ იმსჯელებენ.

„საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.