მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბეირუთი ტირის, ხალხი ისტერიული და დაღლილია“ - ლიბანის მოქალაქეები პასუხებს ითხოვენ 

ბეირუთის მოსახლეობა პასუხებს ითხოვს

ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო, ლიბანელი ხალხი აღშფოთბულია. როგორც BBC წერს, ისინი მომხდარს დაუდევრობას უწოდებენ.

მედიასაშუალების ცნობით, ბევრმა მოქალაქემ ხელისუფლება კორუფციაში და არასწორ მმართველობაში დაადანაშაულა.

„ბეირუთი ტირის, ყვირის, ხალხი ისტერიული და დაღლილია“, - უთხრა BBC-ის კინორეჟისორმა ჯუდ ჩეჰაბმა.

ცნობისთვის, ბეირუთში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქებას 135 ადამიანი ემსხვერპლა, 4 000 კი დაშავდა, რის შემდეგაც ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ინჟინერ-ტექნოლოგმა, მარლენ მჭედლიშვილმა განუცხადა, ამონიუმის ნიტრატი, იგივე, ამონიუმის გვარჯილა ერთ-ერთი ყველაზე კარგი სასუქია და ჩვეულებრივ პირობებში, ფეთქებადი არ არის, თუმცა სხვადასხვა ტემპერატურაზე მისი დაშლა იწყება. მისივე განმარტებით, ეს სასუქი ფეთქებადსაშიში ხდება მაშინაც, თუ სასაწყობე შტაბელები კრიტიკულ ზღვარზე მაღალია და თუ დიდი რაოდენობით ტომრები პატარა სივრცეში, დიდი ხნის განმავლობაში, უყურადღებოდაა მიტოვებული. როგორც მარლენ მჭედლიშვილი ამბობს, ამონიუმის ნიტრატი იწარმოება საქართველოში და კავკასიის რეგიონსაც მთლიანად ამარაგებს.

მისივე თქმით, ლიბანისთვის, ამონიუმის გვარჯილის მწარმოებელთაგან, ყველაზე ახლოს საქართველოა, შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, ბეირუთში აფეთქებული აზოტის სასუქი საქართველოდან ყოფილიყო გატანილი, თუმცა, მეცნიერებათა დოქტორი ასევე განმარტავს, რომ საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს სასუქის წარმოება, უსაფრთხოების ზომები კი სათანადოდაა დაცული. შესაბამისად, აფეთქების მიზეზი შენახვის წესების დაუცველობა გახდებოდა.

გამოცემა haqqin.az-ის ინფორმაციით, ბეირუთის პორტში აფეთქებული გემი რუს ბიზნესმენს, იგორ გრეშუჩშკინს ეკუთვნის. გამოცემა წერს, რომ ტრანსპორტირებისას გემი დაზიანდა და ის ბეირუთის პორტში შევიდა შესაკეთებლად. როგორც ირკვევა, ბიზნესმენმა შეკეთების თანხა არ გადაიხადა, რის გამოც მას ტვირთი ჩამოერთვა და 6 წლის განმავლობაში უზარმაზარი ოდენობის ამონიუმის გვარჯილა პორტში ინახებოდა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შეფასებით, აღნიშნულ აფეთქებასთან რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.