მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოცხადდა

ბლარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები

ბელარუსში ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. შედეგების მიხედვით, მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ხმების 80,23%, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი - 9,9% ერგო. ამის შესახებ ინფორმაციას news.tut.by ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადება ცესკო-ს ხელმძღვანელმა ლიდია იერმოშინამ გააკეთა.

მისი თქმით, ხმების დარჩენილი რაოდენობა ასე გადანაწილდა: 1.04% - ანდრეი დმიტრიევს, 1.68%- ანა კანოპაცკაიას, 1.1%- სერგეი ჩერეჩნიას. ყველა კანდიდატის წინააღმდეგ კი ხმა ამომრჩეველთა 6.02%-მა მისცა.

ცესკო-ს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შედეგები წინასწარია და დაზუსტდება, მაგრამ იგი არ ფიქრობს, რომ მონაცემები მნიშვნელოვნად შეიცვლება.

საერთო ჯამში, კენჭისყრაში მონაწილეობა 5 მლნ 798 ათასმა ადამიანმა მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ 84.23% შეადგინა.

დსთ-ს სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა.

„9 აგვისტოს არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ის იყო ღია, კონკურენტუნარიანი და უზრუნველყოფდა ბელარუსის მოქალაქეების ნების გამოხატვას,” - განაცხადეს მისიის წარმომადგენლებმა.

ცნობისთვის, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა.

ხმის მიცემის დასრულებისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მინსკის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა.

მომიტინგეებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.

აქციაზე სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. არიან დაკავებულები.