მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეპოქალური არჩევნები - რატომ დაუპირისპირდა ადგილობრივი ელიტა ლუკაშენკოს

ბელარუსის პრეზიდენტი

თუკი ცეპკალო და ბაბარიკო შეძლებენ და არჩევნების შედეგების შემდეგ ციხეში არ მოხვდებიან, ეს პრეცედენტი ახალი სახეებისთვის საჯარო პოლიტიკაში მორატორიუმს მოხსნის. ეს ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბელარუსულ პოლიტიკაში ახალ სახეებს წარმოადგენენ - ერთის მხრივ, მათ ჯერ ვერ მოასწრეს ლუკაშენკოთი უკმაყოფილო საზოგადოებისთვის თავის მობეზრება, მეორეს მხრივ კი, სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, მათ კომპეტენცია და მიღწევები გააჩნიათ.

ბელარუსის ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩანიშნა - აგვისტო პოლიტიკურად ყველაზე პასიური თვეა, წესით ხელისუფლება დიდ ვნებათაღელვას არც ერთი მხარისგან ელის.

თუმცა, ვნებათაღელვა ბელარუსში დიდი ხანია, რაც დაწყებულია. ლუკაშენკოს გეგმები 2020 წელს ისე ვერ წავიდა, როგორც ისურვებდა. იმის ნაცვლად, რომ პენსიები და ხელფასები გაეზარდა და ქარხნიდან ფერმაში და პირიქით ბრძენი მმართველის სახით ევლო, ალექსანდრ ლუკაშენკო იძულებული გახდა, ხალხისთვის აეხსნა, თუ რატომ შემოიღო მსოფლიომ კარანტინი და თვითიზოლაციის ახალი წესები, როცა ბელარუსში პანდემიას საოცრად ლიბერალური გზით „ებრძოდნენ“ - პარადებით, ფეხბურთის ჩემპიონატებით და საზღვრების გახსნით.

კორონავირუსი, პირველად 25 წლის შემდეგ მკვეთრი ეკონომიკური ვარდნა, რუსეთთან ნავთობის საკითხებზე დაკავშირებული დავა, ბელარუსული ნავთობპროდუქტების წარმოებისა და ექსპორტის ჩამოშლა - სწორედ ამ პრობლემების წინაშე დგას ლუკაშენკოს ხელისუფლება.

ოფიციალური მინსკის ყოფილმა მოკავშირე რუსეთმა ისე შეწყვიტა მანამდე საიმედო პარტნიორობა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ კრედიტებისთვის ევროპის ბანკს, ჩინეთს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა - ყველას, მოსკოვის გარდა.

ამ სიტუაციაში ლუკაშენკო არჩევნებს აგვისტოში ატარებს. თარიღის გადაწევა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

ოპოზიციური განწყობები ბელარუსში

კორონავირუსი ქვეყანაში ოპოზიციური განწყობის აგორების მთავარი სტიმულატორი აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ტიხანოვსკი, ცნობილი ქარიზმატული პოლიტიკოსი და ვიდეობლოგერი, რომლის 15-დღიანი პატიმრობის დროს ადამიანები მინსკსა და სხვა ქალაქებში შეუსვენებლად ითხოვდნენ მის გამოშვებას, ათასობით თანამოაზრეს აგროვებს და კრებს მეტად ხისტი ლოზუნგის ქვეშ ლუკაშენკოს წინააღმდეგ: „შეჩერდი, ტარაკანავ“.

არაც შეეხება ორ ყველაზე მნიშვნელოვან ოპოზიციონერ ლიდერს, ვალერი ცეპკალოს და ვიქტორ ბაბარიკოს, ისინი ბელარუსის ოპოზიციისთვის დამახასიათებელი ლიდერები არ არიან.

ცეპკალოს საერთაშრისო ურთიერთობების გამოცდილება აქვს. იგი აშშ-ში ბელარუსის ელჩად და საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. რაც შეეხება ბაბარიკოს, იგი ბანკირ-მეცენატია, რომელიც 20 წლის განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს, ბელგაზპრომბანკს ხელმძღვანელობდა.

მათი იდეები ერთნაირია - ხელისუფლების მოდერნიზაცია, ეკონომიკის ლიბერალიზაცია, შიდა პოლიტიკურ ურთიერთობებში კი ნეიტრალურ-პრაგმატული პოზიციით გამოირჩევიან.

ჯერჯერობით აზრი, რომ მათ თავად ლუკაშენკო იყენებს, რომ „მეტოქეები“ შექმნას არჩევნებზე, შეთქმულების თეორიას ჰგავს.  

განსაკუთრებით სწრაფად იკრებს პოპულარობას ბანკის ყოფილი მმართველი. ერთი კვირის განმავლობაში მის საინიციატივო ჯგუფში ადამიანების რეკორდული რაოდენობა - 9 ათასი მოხალისე გაერთიანდა. როცა ლუკაშენკოს, თავისი სრული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მხოლოდ 11 ათასი ადამიანი ჰყავს.

ლუკაშენკოს წინააღმდეგ უკმაყოფილება უფროდაუფრო იზრდება საშუალო ფენაში. ამის ბიძგის მიმცემი პანდემია გახდა. კორონავირუსმა მაქსიმალურად გამოაჩინა, რომ ქვეყანაში შექმნილ კრიტიკულ სიტუაციას ლუკაშენკო ვეღარ უმკლავდება. მრავალ ადამიანს, ნომენკლატურის ჩათვლით, პანდემიაზე ბელარუსის ხელისუფლების რეაქციამ ჩერნობილის აფეთქების დამალვა გაახსენა.

მიუხედავად შექმნილი კრიზისისა, ეს ჯერ კიდევ არ შეიძლება ლუკაშენკოს კოლაფსად აღვიქვათ. ქვეყანაში 7 მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვებია. გარდა ამისა, მინსკი კვლავ ელის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური კატასტროფა ამ წელს არ მოხდება.

ე.წ. „დისიდენტების“ ვირუსი ძალოვან სტრუქტურებს შორისაც არ გავრცელებულა. თავად ოპოზიციონერ ლიდერებს რაც შეეხება, მათი შეჯიბრიდან გამოთიშვა ორი გზითაა შესაძლებელი: 1. რეგისტრაციის დროს ხელმოწერებში აღმოაჩინონ შეცდომები და 2. არჩევნებზე სასაცილოდ დაბალი შედეგები აჩვენონ. რეგისტრაციაზე ხელის შეშლის შემთხვევა ძალიან დააზარალებს ლუკაშენკოს. ჯერჯერობით კანდიდატი, რომელმაც 100 ათასი ხმის შეგროვება შეძლო, სარეგისტრაციო პროცესიდან არ მოუხსნიათ. ხოლო, თუკი ცეპკალო და ბაბარიკო დაბალ პროცენტს მიიღებენ, ვერავინ იწინასწარმეტყველებს, როგორ მოიქცევა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ამომრჩეველი.

საბოლოო ჯამში კი ერთი რამ ნათელია - 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანია ბელარუსულ პოლიტიკას შეცვლის. ერთ-ერთი ყველაზე შესაძლო და რეალური მიზნებიდან ისაა, რომ ახალბედა ოპოზიციონერებმა დააგროვონ პოლიტიკური კაპიტალი მომავლისთვის, შემოიკრიბონ გარშემო ოპოზიციის ახალი ლიდერები, ჩამოყალიბდნენ რეფორმატორ ძალად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ლუკაშენკოს მმართველობის პირველ წლებში ერთი ტრადიცია ჩამოყალიბდა: საკმარისი იყო რომელიმე მაღალჩინოსანს ადგილი დაეტოვებინა და ოპოზიციაში გადაბარგებულიყო, ის მაშინვე ციხეში ხვდებოდა. ეს სისტემა გამართულად მუშაობდა. თუმცა ახლა შედარებით მსუბუქი დრო დადგა. თუკი ცეპკალო და ბაბარიკო ციხეს დაუსხლტებიან, ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ამით სხვა ბიზნესმენები თუ მაღალჩინოსნები იგრძნობენ, რომ მათ ამბიციებსა და სურვილებს რისკები ახლავს თან, ამიტომაც შესაძლოა, მიემხრონ ოპოზიციონერ ლიდერებს. ასე კი ბელარუსის საჯარო პოლიტიკაში ახალი სახეები გაჩნდებიან.