ჯენ ფსაკი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. ფსაკი მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. ამის შესახებ usatoday.com იუწყება.
„პირდაპირი და გულახდილი ურთიერთობა ამერიკელ ხალხთან პრეზიდენტის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა. ამ გუნდს თეთრ სახლსა და ამერიკელ ხალხს შორის ურთიერთობის საპასუხისმგებლო ამოცანა ექნება. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების ჩემი სამსახური, ძირითადად ქალებით იქნება დაკომპლექტებული“ - წერს ბაიდენი ოფიციალურ საიტზე.
თავის მხრივ, ფსაკიმ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ბაიდენთან მუშაობა მისთვის დიდი პატივია. ფსაკი ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა, როდესაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ამომრჩეველთა კოლეგიის სხდომა, რომელზეც ბაიდენის გამარჯვებას ოფიციალურად დაადასტურებენ, 14 დეკემბერს გაიმართება.