მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო: ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი აღარ ვიქნები

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ“ ბელარუსი ავრცელებს.

„ახალი კონსტიტუციის პირობებში მე აღარ ვიმუშავებ თქვენთან, როგორც პრეზიდენტი. ასე რომ დაწყნარდით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე“, - აღნიშნა ლუკაშენკომ საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრისას.

ლუკაშენკომ განმარტა, რომ რესპუბლიკას ახალი ძირითადი კანონი სჭირდება, რომ მომავალ „უცნობ პრეზიდენტს“ ამდენი ძალაუფლება არ ჰქონდეს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში გარკვეული „პრობლემები იქნება“.

„ყაზახეთი, რუსეთი და ჩვენ, ალბათ, სამი მოწინავე სახელმწიფო ვართ, რომლებსაც აქვთ ასეთი სერიოზული და მკაცრი კონსტიტუცია, სადაც ყველაფერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ღმერთმა ნუ ქნას, მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ომის გაჩაღებას მოისურვებს... დიახ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, ისე, რომ მოგვიანებით ქვეყანა არ დაიშალოს “, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ გააკრიტიკა ოპოზიციის წინადადება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. აღნიშნული პროცესი მან საბჭოთა კავშირის დაშლას შეადარა, სადაც თანამდებობების უმეტესობა არჩევითი იყო, მაგალითად, საწარმოების ხელმძღვანელები, დირექტორები და სხვა.

მისი თქმით, ასეთი „დემოკრატიზაცია“ შეიძლება ბელარუსისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.

👉 ინფორმაციისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

👉 ევროკავშირი არჩევნების შედეგებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს.