მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ძალების გაყვანის მომხრეა

მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ

მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება  ამ რეგიონიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანას უნდა ითვალისწინებდეს. ამის შესახებ  lenta.ru იუწყება.

მან ასევე განაცხადა, რომ რეინტეგრაციის შემდეგ დნესტრისპირეთის სტატუსის დადგენა უნდა მოხდეს. აქამდე არსებულ მიდგომებს კონფლიქტის მოგვარების საკითხში სანდუ არაეფექტიანს უწოდებს. მაია სანდუ ქვეყნის ფედერალიზაციის მოდელს, რომელიც მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა წარმოადგინა, არ ეთანხმება.

მაია სანდუმ 15 ნოემბერს მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. სანდუ პროდასავლელ პოლიტიკოსად ითვლება, ხოლო მისი ძირითადი მეტოქე - მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეა.

ცნობისთვის, დნესტრისპირეთის კონფლიქტი მოლდოვის სამთავრობო ძალებსა და დნესტრისპირელ სეპარატისტებს შორის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1989 წელს დაიწყო. 1992 წელს მოლდოვამ და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები შევიდნენ, რომლებიც იქ ამ დრომდე იმყოფებიან.