მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი შოიგუს შეხვდა, ერევანში ლავროვიც ჩაფრინდა (ვიდეო)

ნიკოლ ფაშინიანი სერგეი შოიგუს შეხვდა

მთიან ყარაბაღში ომის დროს ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით რუსეთის მხარდაჭერას, მისი პრეზიდენტის და ხელისუფლების მხარდაჭერას. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან ერევანში გამართულ შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

„ომამდე რთული პერიოდი იყო, მაგრამ ახლა უფრო რთული დროა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ურთიერთობებს გავაღრმავებთ. ეს შეეხება როგორც უსაფრთხოების საკითხს, ასევე თანამშრომლობას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა რეგიონში სხვა გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა, რომლის შეფასება უნდა მოხდეს.

სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთის ძირითადი ამოცანაა მთიან ყარაბაღში მშვიდობის დამყარება და სისხლისღვრის დაუშვებლობაა. ამ მხრივ მუშაობა გაგრძელდება. „ჩვენ საკმაოდ მოცულობითი პროგრამით ჩამოვედით და მისი რეალიზების იმედი გვაქვს“ - განაცხადა შოიგუმ.

მან ასევე განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობო ძალების განთავსების პროცესი 2 დღის წინ დასრულდა. რეგიონში 23 საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნა, რუსული ძალები აკონტროლებენ სტეფანაკერტისკენ მიმავალ გზას და ლაჩინის დერეფანს, ასევე ლტოლვილთა დაბრუნების პროცესს უზრუნველყოფენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის დედაქალაქში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩავიდა. ლავროვთან ერთად ერევანში რუსეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ამ ინფორმაციის მიხედვით, განხილული იქნება მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება და რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსების საკითხი, ასევე რუსეთის მიერ სომხეთისთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების აღმოჩენის საკითხი.

შოიგუ და ლავროვი ერევანში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით გაემგზავრნენ.