მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვალერი ცეპკალოსა და სტეფან პუტილოზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

ტელეგრამ-არხის NEXTA-ს დამფუძნებელი სტეფან პუტილო და ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვალერი ცეპკალო

ტელეგრამ-არხის NEXTA-ს დამფუძნებელი სტეფან პუტილო და ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვალერი ცეპკალო რუსეთმა ძებნილთა საერთაშორისო სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტასს-ი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ ორივე პირი ბელარუსის ხელისუფლების მიერ იძებნება.

„იძებნებიან 1965 წელს დაბადებული ვალერი ცეპკალო ველიამინის ძე, დაბადებული გროდნოში და 1998 წელს სტეფან პუტილო ალექსანდრეს ძე, მინსკის მკვიდრი“, - აღნიშნულია შესაბამისი საძიებო ბარათების მონაცემთა ბაზაში.

ცეპკალოსა და პუტილოზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ცეპკალომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ქრთამის აღების მიზნით აღიძრა.

ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ, არჩევნების შემდგომი დემონსტრაციები გრძელდება. აქციის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვებას აპროტესტებენ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 79,7% მიიღო, ხოლო მის მთავარ ოპონენტს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მოსახლეობის 6,8 %-მა დაუჭირა მხარი.

„დაიცავით ჩვენი არჩევანი“, - მოუწოდა ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ტიხანოვსკაიამ აქციის მონაწილეებს და ქვეყანა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით ტიხანოვსკაიას ქვეყნის დატოვება აიძულეს.

ბელარუსის მოსახლეობა ლუკაშენკოს 26 წლიან მმართველობას აპროტესტებს და არჩევნების ბათილად გამოცხადებას მოითხოვს. ხელისუფლება აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაუპირისპირდა.

საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 6700-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. 1000-მდე დაკავებული კი 14 აგვისტოს გაათავისუფლეს.

15 აგვისტოს, აქციის მონაწილეებმა ბელარუსში მიმდინარე აქციების დროს დაღვრილი სისხლის სიმბოლოდ წითელი ვარდის ფურცლები დაყარეს.