კანონში იქნება სტაჟიორის განმარტება - ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით.
კანონპროექტით, დამსაქმებელს აეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორი არ ჩაანაცვლებს დასაქმებულს.
დამსაქმებელს უფლება არ ექნება აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ აღემატება 3 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. ერთი და იმავე პირს უფლება ექნება ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.
სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა დარეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ.