მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაძაბული ველოდი თუ რა განაჩენი იქნებოდა გამოტანილი“ - ძაბირაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ძაბირაძის თქმით, აღნიშნულ საქმეში პოლიტიკური ნაწილი ძალიან დიდი დოზით იყო. 

პოლიტოლოგის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა იმ პოლიტიკურ სივრცეში რჩება, რომელშიც აქამდე იყო. 

„უპირველესად სამივე მათგანს მინდა მივულოცო თავისუფლება და გარკვეულწილად გამარჯვებაც, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს პროცესი ბოლომდე არ არის დასრულებული და განაჩენის გასაჩივრებასაც აპირებენ. ვთვლი, რომ სრულიად სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან 3 წელია საქმე მიმდინარეობს და რაღაც შედეგი მას ჰქონდა, ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი. 

სამართლებრივ თემებში ვერ შევალ, ამ პროცესებს არ ვესწრებოდი და მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებიდან მქონდა ინფორმაცია თუ რა ხდებოდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ არანაკლებ დაძაბული ველოდი თუ რა განაჩენი იქნებოდა გამოტანილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არა იმიტომ, რომ სამართლიანი ან არასამართლიანი იქნებოდა, ჩემთვის ამას მაინც უფრო სხვა დატვირთვა ჰქონდა. 

იმიტომ, რომ თავიდანვე ამ საქმეში ძალიან დიდი დოზით იყო პოლიტიკური ნაწილი და როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი, ჩემთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, იმის მიხედვით, რა განაჩენს გამოიტანდა მოსამართლე, ჩემთვის გარკვეული ორიენტირი იქნებოდა იმისა, რომ ვრჩებით არსებულ მისაღებ თუ მიუღებელ პოლიტიკურ გარემოში, როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორებში, თუ იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ეს თემა ამ ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საგარეო ფაქტორების მიმართულებით და შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა, ზოგადად მიანიშნებს იმას, რომ ჯერჯერობით მაინც ვრჩებით იმ პოლიტიკურ სივრცეში, როგორშიც აქამდე ვიყავით.

მოლოდინი, რომ შეიძლება რაღაც გადათამაშებულიყო, ვფიქრობ არ გამართლდა და ძალიანაც კარგი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც“, - აცხადებს ძაბირაძე. 

ინფორმაციისთვის, ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე, გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გულისხმობდა, გადაუკვალიფიცირდათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობას გულისხმობს.

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 25/194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას გულისხმობდა. მას მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალი 25/180-ე მუხლის მეორე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. 

მსჯავრდებულები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ამ პროცესით ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ანაკლია გააჩერეს“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერც მამუკა ხაზარაძეს დააკავებენ და ვერც ბადრი ჯაფარიძეს, პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარზე, უკვე ზედმეტია“ - ნიკა მელია