მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობის“ სტილი კვლავ აგრესიულია, რადგან „შავი სიების“ შედგენაზეა საუბარი და ფიგურაც კვლავ აგრესიულია - სააკაშვილი“ - რამაზ საყვარელიძე

ანალიტიკოსი

„ზოგადად, საქართველოში ეკონომიკურ პროგრამებს ის პრობლემა აქვს, რომ ისინი სურვილების ჩამონათვალია და არა მათი მიღწევის გზების აღწერა. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, დაეთანხმები კაცი იმ სურვილებში, რაც განაცხადა, მაგრამ პროგრამა სწორედ იმ მხრივაა მნიშვნელოვანი, რომ იქ უნდა იყოს ნაჩვენები, საიდან იქნება აღებული შემოსავლები, რომლებიც შემდეგ აღწერის მიხედვით გადანაწილდება. გადანაწილებაზეა მხოლოდ ლაპარაკი და საჭირო სახსრების მოპოვების საკითხი კი ბუნდოვანია, თუმცა, რაღაც შტრიხები იყო“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ პროგრამას, რომელიც მან სასამართლო პროცესზე წარადგინა. 

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში მან სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებები და მის მიერ გაცხადებული სამოქმედო გეგმაც შეაფასა. 

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილისა და მისი პარტიის მიზანი კვლავ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, თუმცა გაუგებარია, რისთვის იბრძვიან მის მისაღწევად, როცა ყველა არჩევნებითა და გამოკითხვით დასტურდება, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა სახელისუფლებო პარტიას უჭერს მხარს. 

„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ისევ იმაზეა ლაპარაკი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. თვითონ საკითხის ასე დაყენება, რამდენად ეთანხმება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს, საკითხავი ესაა. ყველა არჩევნები და სოციოლოგიური გამოკვლევა, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩატარდა, აჩვენებს, რომ უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალური მოძრაობასთან“ შედარებით. მეც ვისურვებდი, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მდიდარი იყოს ძლიერი პარტიებით. 

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან კვლავ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გეგმაა მოწოდებული, მაგრამ, სავარაუდოდ, ესეც არ არის დეტალებში გათვლილი, რადგან თუ ვაიძულებთ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, შემდეგ უკვე გავიმარჯვებთო. კი მაგრამ, თუ არჩევნები დაინიშნა, ისევ „ქართული ოცნება“ მოიგებს და რატომ აქვთ ამათ გამარჯვების იმედი, გაუგებარია. აქ უფრო საკუთარი ამომრჩევლისთვის გაკეთებულ განცხადებას ჰგავს ეს და არა ჭეშმარიტებას. ნუ დაგვავიწყდება, რომ მოსახლეობის 50%-მდე არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არც ერთი უნდა და არც მეორე, ამაზე ექსპრეზიდენტს არ უსაუბრია, თითქოს არ არსებობენ“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

კითხვაზე, რა გავლენა მოახდინა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგზე, ექსპერტი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტის ჩამოსვლამ ამ კუთხით ნეგატიური როლი ითამაშა. 

„მე მგონი, მაინც უფრო ხელი შეუშალა შედეგის მიღებას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეტი ხმა რომ მიიღოს, აგრესიული და რადიკალური სტილი უნდა მოიხსნას და შესაბამისად, ის ადამიანებიც, ვინც ამ სტილის განსახიერებაა. სხვანაირად პარტია ვერ მიიღებს მათ ხმებს, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ არასასურველი პარტიაა.

სტილი კვლავ აგრესიულია, რადგან „შავი სიების“ შედგენაზეა საუბარი და ფიგურაც კვლავ აგრესიულია - მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ, საიდან იგულისხმება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ პარტიას დამატებითი ხმები მოუტანა. 

სააკაშვილის ფაქტორი ძალიან ბევრი ადამიანის განწყობაზე მოქმედებს, რადგან ის ქარიზმატული ფიგურაა თანამედროვე ქართული პოლიტიკისთვის და როგორც წესი, ასეთ პიროვნებას ძალიან ბევრი ადამიანი მხარს უჭერს, ყოველგვარი პირობების გარეშე. ფაქტობრივად, ამ ადამიანების სიყვარული ხდება გადამწყვეტი და არა მხოლოდ პოლიტიკური ლოგიკა. ადამიანურადაც, მათთვის ეს პიროვნება ძვირფასია.

რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი გამოვიდა სააკაშვილის დასაცავად მაშინ, როცა ის ციხეში აღმოჩნდა, ვიდრე მაშინ, როცა მას საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა, არის თუ არა მათი რაოდენობა საკმარისი იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებას მიუახლოოს, ეს სხვა საკითხია, იმიტომ, რომ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც გამოვიდნენ მისი დაპატიმრების ფონზე ციხესთან და მათი რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე მისი მომხრეების. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, სააკაშვილის ფიგურა პარტიისთვის მოგებიანი არაა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა. 

👉„თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉 „თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორიც მე ასტრონავტი“ - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს (ვიდეო)

👉 „მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა - რატომ ვიმყოფები სასამართლო დარბაზში?“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ჩემ დროს დენი მაქსიმუმ 11 თეთრი ღირდა და დაგინებული ჰქონდათ, რომ ფასს გაანახევრებდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი