მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს აშკარად არ არის ლუკაშენკოს ამოცანა აფხაზეთის აღიარება, მისი ამოცანაა საქართველოს შანტაჟი - „კარგად მოიქეცი, თორემ ვაღიარებ“ - პაატა ზაქარეიშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკიტხებში პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან მინსკში ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას შეხვედრასა და მათ მიერ განხილულ საკითხებს გამოეხმაურა. 

„მგონია, რომ პუტინმა ლუკაშენკო საქართველოს კურატორად დანიშნა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ შორს არ გაუშვან საქართველო, ვიდრე რუსეთი დაკავებული არის უკრაინით და ამავე დროს არ დაკარგონ აფხაზეთიც. იმიტომ რომ აფხაზეთს თავისი ინტერესები აქვს. აშკარად ჩანს, რომ ქართული თემა არ არის მიბმული რუსეთისთვის უკრაინის თემაზე. 

უხეშად რომ ვთქვათ, უკრაინა რომც დაკარგონ, საქართველო მაინც არ უნდა დაკარგონ, დაახლოებით ასეთ კონცეფციას ვხედავ დღეს რუსეთიდან ანუ საქართველო არის ცალკე, უკრაინა ცალკე. ვკარგავთ უკრაინას, საქართველო უნდა შევინარჩუნოთ, ვკარგავთ საქართველოს, უკრაინა არ უნდა დავკარგოთ ანუ ერთმანეთზე დამოუკიდებელი სხვადასხვა ოთახებია, რასაც კარგად ეხმარება „ქართული ოცნება“ ამ კონცეფციის რეალიზაციაში. 

ამ ფონზე ლუკაშენკო ცდილობს, ილაპარაკოს მინიშნებებზე, რომ ვითომ შეიძლება იყოს აღიარება, სინამდვილეში ამისთვის არაფერს აკეთებს ანუ არავითარი პრობლემა არ აქვს ბელარუსს არც მორალური, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური რომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მაშინ გააღიზიანებს საქართველოს მოსახლეობას, „ოცნებას“ ვერ გააღიზიანებს, შეიძლება ისეთი პროცესები დაიწყოს, რომელიც ძვირად დაუჯდება რუსეთს და ძალაუფლებას დაკარგავს „ოცნება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. 

ზაქარეიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ ლუკაშენკო ოკუპირებული რეგიონის აღიარებას აპირებს.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ლუკაშენკო ამის გამკეთებელია შემზადების გარეშე, თუმცა არ აკეთებს.

ამასთან, ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ დღეს აშკარად არ არის მისი ამოცანა აფხაზეთის აღიარება, მისი ამოცანაა საქართველოს შანტაჟი.

„ამიტომ, მე ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ ლუკაშენკო ემზადება აფხაზეთის აღიარებისთვის, ის ამის გამკეთებელია ყოველგვარი შემზადების გარეშე. ის ამას არ აკეთებს. დღეს აშკარად არ არის მისი ამოცანა აფხაზეთის აღიარება, მისი ამოცანაა საქართველოს შანტაჟი, რომ „კარგად მოიქეცი საქართველო, თორემ ვაღიარებ“. 

ამიტომ არის რევერანსებით ჩასვლა სოხუმში, მინსკში, რომელიც არღვევს ყველანაირ საერთაშორისო ნორმებს. ლუკაშენკო თამაშობს. ჩვენ, სახელმწიფო ამას მკაცრად უნდა ვგმობდეთ, დიპლომატიურ ურთიერთობას უნდა ვწყვეტდეთ ბელარუსთან, უნდა ვამბობდეთ, რომ ეს არის მეგობრული ურთიერთობების დასამარება, ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, ეს არის ჩვენი ტერიტორია და მას არ აქვს უფლება ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებს თავისებურად ეთამაშებოდეს. 

ამიტომ, ლუკაშენკო გახდა შუამავალი, როცა პუტინს არ სცალია საქართველოსთვის, თვითონ ახორციელებს რუსეთიდან წამოსულ დავალებებს. ლუკაშენკომ რომც აღიაროს ბელარუსი, ამით ბელარუსი არაფერს არ მიიღებს. იმიტომ რომ თუ ვინმე ელაპარაკება ლუკაშენკოს, ეს არის მხოლოდ დსთ-ს ქვეყნები. მას 100 წელი არ სჭირდება აფხაზეთის აღიარება, ის არაფერს არ მიიღებს. ის აშკარად ასრულებს რუსეთის დავალებას, ფეხს ითრევს ხან ისე, ხან ასე. აღიარება არ უნდა, მაგრამ აღიარებაზე ლაპარაკი კი. ჩვენ ვხედავთ სპექტაკლს სცენაზე, სამწუხაროდ სცენაზე არ არის საქართველო, ის არის მაყურებელი“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ინფორმაციისთვის, 21 თებერვალს მინსკში ლუკაშენკოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე ლუკაშენკო ე.წ. აფხაზეთის მთავრობასა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობაზე  მთავრობის რეაქციას გამოეხმაურა. 

ლუკაშენკოს განცხადებით, თბილისმა, სოხუმმა და მინსკმა თანაცხოვრება უნდა შეძლონ.