მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დრონების შეტევა - რა აჩვენა უპილოტო საფრენი აპარატების მასირებულმა შეტევამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე?

უკრაინული დრონი

უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური მოვლენა იყო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ამაზე BBC სტატიას ავრცელებს. 

სამი დრონი 27 თებერვალს ბელგოროდში ჩამოვარდა. კიდევ ერთი კი ბრიანსკის ოლქის სურაჟის რაიონში. ღამით, უპილოტო აპარატების დარტყმის შედეგად, აფეთქება მოხდა ტუაფსეში ნავთობის საცავში, ხოლო კიდევ ერთი დრონი ადიღეში ჩამოვარდა. 28 თებერვალს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის რეგიონის კოლომენსკის რაიონში გაზის კომპრესორის სადგურთან კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა.

იმავე დღეს ლენინგრადის რეგიონში საჰაერო სივრცე გარკვეული დროით დაკეტილი იყო ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამო. სხვადასხვა წყაროს ცნობით, სამხედროებმა „საჰაერო მოძრაობის მართვის ერთიან სისტემას“ გადასცეს განგაშის სიგნალი „ხალიჩა“, რაც გულისხმობს რუსეთის საჰაერო საზღვრის გადაკვეთის მცდელობას. ასეთი სიგნალის გადაცემის შემდეგ ყველა სამოქალაქო თვითმფრინავი დაუყოვნებლივ ტოვებს ტერიტორიას ან აეროდრომზე უნდა დაფრინდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ატარებდა წვრთნას „სამოქალაქო საჰაერო მოძრაობის კონტროლის ორგანოებთან შეთანხმებული მოქმედების მიზნით“ და რომ ცაში საბრძოლო თვითმფრინავები აფრინდნენ.

კიევი ამ ინციდენტებზე არავითარ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში წელიწადზე მეტია მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ომი, რომლის დროსაც  რუსეთის წინააღმდეგ დრონები აქტიურად გამოიყენება, არსებობს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ დარტყმების უკან უკრაინის ძალები დგანან.

გარდა ამისა, გასული წლის დეკემბრის დასაწყისში სარატოვისა და რიაზანის რაიონებში რამდენიმე აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეტევებში უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ მან გამოიყენა ძველი საბჭოთა სადაზვერვო დრონები, რომლებიც მოიერიშე დრონებად გადააკეთა. ერთადერთი ასეთი საფრენი აპარატი, რომელსაც კიევს ამ მიზნების მისაღწევად შეეძლო გამოეყენებინა, ტუ-141 იყო.

მსხვერპლის შესახებ არაფერია ცნობილი. ტუაფსეში აფეთქებამ ნგრევა გამოიწვია. გარდა ამისა, ბელგოროდში მრავალსართულიანი შენობები დაზიანდა. ჰქონდა თუ არა ყველა დრონს ასაფეთქებელი ნივთიერებები, დაზუსტებით ცნობილი არ არის.

მომზადებული, კოორდინირებული, მასირებული შეტევა

ამ დარტყმას აქვს რამდენიმე მახასიათებელი, რაც განასხვავებს მას სხვა შეტევებისგან

მოსკოვის ოლქამდე დრონი პირველად მიფრინდა. ეს კი ნიშნავს, რომ მოსკოვი, თავისი სამთავრობო შენობებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურით და მოსახლეობით, პოტენციურად, ასევე, შესაძლოა დარტყმის ობიექტი აღმოჩნდეს.

მოსკოვის რეგიონში უპილოტო აპარატის ჩამოვარდნა, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს მოსკოვისა და რეგიონის მცხოვრებლებზე. ამ დრომდე, როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, რუსეთის დედაქალაქში ასობით კილომეტრის დაშორებით მიმდინარე ომი პრაქტიკულად არ იგრძნობოდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც იანვრის ბოლოს მოსკოვში რამდენიმე შენობის სახურავზე საჰაერო თავდაცვის სისტემები დამონტაჟდა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელებში აღნიშნეს, რომ ეს ბევრმა შეშფოთებით აღიქვა - ასეთი სისტემები რეალურ საფრთხეზე მიუთითებს. ახლა კი ეს საფრთხე რეალური გახდა - დრონი მოსკოვის რეგიონში აღმოჩნდა.

მანძილი უკრაინის საზღვრიდან მოსკოვის რეგიონში დრონის ჩამოვარდნის ადგილამდე 450 კილომეტრზე მეტია. ტუაფსედან უკრაინის ფრონტის ხაზამდე დაახლოებით 420 კილომეტრია, ხოლო ადიღეის სოფელ ნოვიდან - დაახლოებით 380.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ რამდენიმე დარტყმა მოხდა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, რამდენიმე საათის სხვაობით. განვითარებული საჰაერო თავდაცვის სისტემის მქონე ქვეყნისთვისაც კი რთულია შეტევის მოგერიება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან.

დილიდან რუსეთის რამდენიმე რეგიონში, ადგილობრივი რადიოსადგურები და ტელეარხები ავრცელებდნენ გაფრთხილებას საჰაერო განგაშის შესახებ. მოსახლეობას მედიით სირენების ხმის ფონზე მოუწოდებდნენ - დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფარში. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს იყო ჰაკერების მიერ გამაფრთხილებელი სისტემების გატეხვის შედეგი.

თუ ეს ასეა, მაშინ ასეთი ქმედება მხოლოდ გაზრდის ფსიქოლოგიურ ეფექტს რუსეთის ტერიტორიის დაუცველობის შესახებ.

სხვადასხვა საჰაერო აპარატები

გარდა იმისა, რომ ეს შეტევა მასიური და კოორდინირებული იყო, ის სხვადასხვა საშუალებებით განხორციელდა.

ადიღეში დრონის ჩამოვარდნის ადგილიდან მიღებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მას ტურბორეაქტიული ძრავი აქვს. ტუაფსეში ობიექტზე დარტყმის ვიდეოთი თუ ვიმსჯელებთ, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ეს დრონი, ასევე, რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც მიწაზე დაცემის მომენტამდე მუშაობდა.

თუ ეს დარტყმები განხორციელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, მაშინ, სავარაუდოდ, ეს დრონი იყო საბჭოთა Tu-141 უპილოტო აპარატის  გადაკეთებული ვარიანტი. უკრაინამ ისინი უკვე გამოიყენა დეკემბერში სტრატეგიულ აეროდრომებზე შეტევების  დროს.

მოსკოვის ოლქში დრონის ჩამოვარდნის ადგილიდან მიღებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, იქ სხვა მოწყობილობა იყო გამოყენებული. ის გარეგნულად წააგავს უკრაინული კომპანია Ukrjet-ის მიერ წარმოებულ UJ-22 Airborne-ს. ეს არის უფრო მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატების კლასი.

ომში ასეთი დრონები როგორ წესი გამოიყენება დაზვერვის მიზნით, მაგრამ მას ბომბების ან რაკეტების გამოყენებაც შეუძლია. UJ-22-ს შეუძლია მცირე საბრძოლო მასალის გადატანა.

ეს არ არის ძალიან დიდი მოწყობილობა: ფრთების სიგრძე მხოლოდ 4,6 მეტრია. შედარებისთვის, მის „თანაკლასელს“ TB-2 Bayraktar-ს ფრთების სიგრძე 12 მეტრი აქვს.

UJ-22 Airborne არ არის შექმნილი იმისთვის, რომ იმოქმედოს როგორც კამიკაძე დრონმა, მაგრამ მისი დატვირთვა შეიძლება შეიცვალოს. მას შეუძლია ჰაერში ასწიოს 20 კილოგრამამდე, მაგრამ შესაძლებელია დატვირთვის შემცირება მოქმედების მანძილის გაზრდის მიზნით. ამ მოწყობილობას შეუძლია 100 კილომეტრამდე ფრენა ოპერატორის კონტროლით, ან 800 კილომეტრამდე ავტონომიურ რეჟიმში.

კადრებში, რომელიც ბელგოროდის რეგიონშია გადაღებული, ასევე ჩანს დრონი, რომელიც ფორმითა და აღწერილობით ასევე ჰგავს უკრაინულ UJ-22 Airborne-ს.

საჰაერო თავდაცვის მუშაობას ართულებს ის ფაქტი, რომ შეტევის  დროს ასეთი განსხვავებული დრონები გამოიყენეს. ფაქტია, რომ თითოეულ ამ მიზანს აქვს საკუთარი მახასიათებლები. Tu-141 არის დიდი ლითონის ობიექტი, რომელიც კარგად ჩანს რადარის ეკრანებზე. მას დაბალ სიმაღლეზე საკმაოდ მაღალი სიჩქარით ფრენა შეუძლია. 

UJ-22 ბევრად უარესად ჩანს რადარის ეკრანზე - მის დიზაინში გამოყენებულია ნახშირბადი, ხოლო თავად მოწყობილობა, რომელიც საკმაოდ ნელა დაფრინავს დაბალ სიმაღლეზე, ცუდად ჩანს რადარებზე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებსაც შეექმნათ შორი დისტანციური დრონების აღმოჩენის პრობლემა, როდესაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო ირანული წარმოების შაჰედ-136 უპილოტო აპარატებით.

ტუაფსეში ხანძრის შესახებ შეტყობინება ღამის ორ საათზე მივიდა. ადიღეის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ დროს აფეთქებაც სოფელ ნოვის მახლობლად  დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში, სავარაუდოდ, ტუ-141 გამოიყენეს.

ბელგოროდზე შეტევის შესახებ ცნობები წინა ღამით გავრცელდა. როდის ჩამოაგდეს აპარატი ბრაიანკის ოლქში, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინციდენტები მოსკოვისა და ლენინგრადის რეგიონებში სამშაბათს დილით დაფიქსირდა.

იმ ფაქტმა, რომ ყველა ეს დარტყმა „ტალღისებურად“ განხორციელდა, ასევე შეიძლება გაართულოს საჰაერო თავდაცვის მუშაობა. თუ ნადვილად Tu-141 და UJ-22 გამიყენება მოხდა, მაშინ ისინი რადარის ეკრანზე განსხვავებულად ჩანს და სხვადასხვა სიჩქარით დაფრინავს.

რა მოჰყვა დრონების შეტევას?

შეტევის ზუსტი მიზანი უცნობი დარჩა. როგორც ჩანს, მხოლოდ ერთმა დრონმა მიაღწია მიზანს - ნავთობის საწყობი ტუაფსეში. მოსკოვის რეგიონში დრონი „გაზპრომის“ ინფრასტრუქტურის სიახლოვეს ჩამოვარდა.

დანარჩენები ან საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ან რადიოელექტრონული ბრძოლის ხელსაწყოებმა ჩამოაგდეს, ზოგი დრონი კი სხვა მიზეზით ჩამოვარდა.

კერძოდ, გამოითქვა ვერსია, რომ ბელგოროდში დრონები, უბრალოდ,  სანავიგაციო შეცდომების გამო სახლებს შეეჯახნენ. მოსკოვის რეგიონში ჩამოვარდნილ დრონს, სავარაუდოდ, საწვავი ამოეწურა.

ამ დარტყმას, პირველ რიგში,  ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს - შეტევებმა აჩვენა, რომ უკრაინას, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ობიექტების განადგურების საშუალებები გააჩნია და საჰაერო თავდაცვა ყოველთვის მათ ვერ უმკლავდება.

დაბოლოს, არის კიდევ ერთი შედეგი, რომლის მიღწევაც შეიძლებოდა ასეთი შეტევით - ამ რეიდის დროს შესაძლებელი გახდა ინფორმაციის მიღება საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ. ეს განსაკუთრებით იმ დრონებს ეხება, რომლებმაც რეიდები ტუაფსესა და ადიღეში განახორციელეს.

ისინი შავი ზღვის მახლობლად არის განლაგებული, სადაც დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო თვითმფრინავები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პატრულირებენ. ამიტომ, ასეთი დარტყმების ერთ-ერთი მიზანი, შესაძლოა, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების,  კერძოდ, რადარების ადგილმდებარეობის დადგენა ყოფილიყო.