მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა და რამდენად რეალურია ამ ტიპის მთავრობის შექმნა? - შოთა კაკაბაძის განმარტება

პოლიტიკის მკვლევარი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი შოთა კაკაბაძე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში განმარტავს, თუ რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა. 

შოთა კაკაბაძის განმარტებით, ტექნიკური მთავრობა დაკომპლექტებულია არა არჩეული პოლიტიკოსებით ან პოლიტიკური პარტიებით, არამედ დარგის სპეციალისტებით ანუ ტექნიკოსებით. 

„ჩვენც ჯერჯერობით დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს იმაზე, როგორ წარმოუდგენიათ იდეის ავტორებს ტექნიკური მთავრობა. ტექნიკური მთავრობა გულისხმობს იმას, რომ ეს არის დაკომპლექტებული არა არჩეული პოლიტიკოსებით ან პოლიტიკური პარტიებით, არამედ დარგის ექსპერტების ანუ ტექნიკოსების მიერ.

ეს ადამიანები არიან სფეროს სპეციალისტები და ასე ვთქვათ, გარკვეული მისიით არიან. ამ შემთხვევაში მისიაში იგულისხმება იმ სტანდარტების, იმ რეფორმების გატარება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციაში არის წარმოდგენილი“, - აცხადებს შოთა კაკაბაძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად რეალურია ქვეყანაში ამ ტიპის მთავრობის შექმნა, შოთა კაკაბაძე ამბობს, რომ ეს რთული სათქმელია.

„ეს არის ეროვნული თანხმობის მთავრობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მას საერთო კონსენსუსი სჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან. იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ არსებული მთავრობა და ტექნიკური მთავრობის საჭიროება დადგება, ამას პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. 

პარლამენტში უმრავლესობა აქვს მმართველ პარტიას, ამიტომ მმართველი პარტიის ჩართულობა ამაში მნიშვნელოვანია. ამას აღნიშნავენ იდეის ავტორებიც, რომ ეს უნდა შედგეს სამოქალაქო საზოგადოების და ყველა ძალის ახლო კონსულტაციის შედეგად. 

ამიტომ, რამდენად რეალურია, ცოტა რთული სათქმელია. ეს დამოკიდებული იქნება თუ რამდენად მზად არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები. ტექნიკური მთავრობის რამდენიმე მაგალითი არსებობს. ზოგადად არსებობს ტექნიკური მთავრობა და ასევე, არსებობს დროებითი მთავრობა. 

ამ ორს შორს განსხვავება ის არის, რომ დროებითი მთავრობა უფრო მეტად პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული, ხოლო ტექნიკური უშუალოდ ტექნოკრატების მიერ. ტექნიკური მთავრობის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ.

ეს იყოს 2009 წელს ჩეხეთში, როდესაც მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს და პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ, რომ დროებით მთავრობაში იქნებოდა განათლებით სტატისტიკოსი იან ფიშერი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული. უბრალოდ რამდენიმე თვით ადრე სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, მას მთავრობა ჩააბარეს. დაახლოებით 2 წლის განმავლობაში იყო ფიშერი ტექნიკური მთავრობის მეთაური“, - დასძინა კაკაბაძემ.  

შეგახსენებთ, აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს - ერთი კვირის ვადაში გადადგეს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️  ირაკლი ღარიბაშვილი - 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რეალურად, მას შემდეგ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა

✔️ „საქართველოს ხელისუფლება ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში“ - დავით არახამია