მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შენ დაკარგე დრო, ეს დრო ერთი ღამე კი არ იქნება, ეს იქნება წლები - პაატა ზაქარეიშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

კონფლიქტოლოგი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის დასკვნის, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ხელისუფლების შესახებ საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მართებული შარლ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ დაბრუნება იქნებოდა კარგი. 

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა „რადიო პალიტრას“ ეთერში ევროკომისიის დასკვნაზე საუბრისას აღნიშნა, ხალხი ელოდა ერთს და მიიღო მეორე. 

პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სიმპათიების თუ დღევანდელი დღის პოლიტიკურად შეფერილობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს. 

„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ქვეყანაში. ეს დაახლოებით არის ის, როცა სოხუმი დავკარგეთ და ძალიან მტკივნეული იყო, არ ვიცოდით რა ხდებოდა და რა იქნებოდა მომავალში. ეს არის დაახლოებით 2008 წლის 12 აგვისტო, როცა მივხვდით, რომ სერიოზული მარცხი განვიცადეთ აგვისტოს ომში და მთლიანად საზოგადოება ერთიანად არის პარალიზებული, გაოგნებული, იმიტომ რომ ელოდა ერთს და მიიღო მეორე. 

ვიტყოდი ამ ტიპის მესამე იმედგაცრუებაა ეს საქართველოში. მაგალითად 9 აპრილი ხომ საშინელი ტრაგედია იყო, მაგრამ დიდი იყო გამარჯვების კონცეფცია, მსხვერპლი წმინდა იყო, ყოვლად გაუმართლებელი, მაგრამ ახსნადი. ახლა გაუგებარია ბევრი რამ როგორც აფხაზეთის ომის დროს, აგვისტოს ომის დროს... 

როგორც წესი, ხშირად ხელისუფალი საშუალებას გვაძლევს ყურადღება გავამახვილოთ სხვა რამეზე. ეს არის წმინდა საბჭოთა პროპაგანდისტული კლიშე, რომ ყველაფერში დამნაშავეები სხვები არიან, „ჩვენ ანგელოზები ვართ“. მტრის ხატის ძებნა არის ყველაზე მანკიერი ვირუსი, რაც დაგვიტოვა ჩვენ საბჭოთა კავშირმა. ეს არის ბოლშევიკური აზროვნება, რომ „მე ვარ მართალი და შენ ხარ მტყუანი“. ეს ლიბერალებშიც არის ... 

დღევანდელი დღე მისი შეფერილობა თუ არ შეფერილობისა, სიმპათია არ სიმპათიებისა, უმჯობესია რომ ყველა მივიდეთ. რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლებამ დაინახოს ხალხი ვინც იქ მივიდა, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ის პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. 

ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირში არის მაღალი კლასის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს არამხოლოდ საქართველოზე, არამედ კავკასიაზე და მათ ხელისუფლებაზე კარგადაც კი იციან რა ხდება ქვეყანაში. 

ამასთან, ზაქარეიშვილის შეფასებით, გარდა ლაპარაკისა, ევროკავშირზე და ნატოზე არაფერი ხდება, მოქმედება არ ხდება. 

„ევროპამ კარგად იცის, რომ ქართულ საზოგადოებაში განწყობა ცალსახად პროევროპულია. ძალიან მჭიდრო კონტაქტები მაქვს ევროკავშირის ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად უსმენენ ევროპაში, აი, ასე ვიტყოდი. 

იქ არის მაღალი კლასის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ კავკასიაზე. კავკასიაზე მომუშავე ადამიანები არიან ფანტასტიკურები, მგლებს ჭამენ. „ქართულ ოცნებაზე“ მეტი იციან რა ხდება საქართველოში, ეს შეიძლება თამამად ითქვას, შეიძლება ოპოზიციაზე მეტიც იცოდნენ, იმიტომ რომ ყველგან აქვთ კონტაქტი და აგროვებენ ობიექტურ ინფორმაციას. 

მათ ინტერესებში არ არის ვიღაცის მხარეს დგომა, მათ ინტერესებშია საქართველოს მხარდაჭერა. ამიტომ, დემონსტრირება ევროპელებისთვის, რომ ქართველი ხალხი ერთად არის, მათ ეს კარგად იციან. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსი რომ არ მიგვეღო ანუ თუ ვინმეს ეკუთვნის „პრიზი“ იმაში თუ რატომ არ გავხდით კანდიდატის სტატუსი, ეს ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. 

ყველაზე კარგი იყო და იოლიც იქნებოდა, შარლ მიშელის შეთანხმებას რომ დაბრუნებოდნენ. ამას ამბობდა ყველა, დერეფნებში... „ერთი რამე მაინც გააკეთეთ“, არავითარი გეოპოლიტიკა, ჩვენთან ღირებულებებზეა საუბარი. ევროკავშირი უკვე სერიოზულად ფიქრობს თუ რა შესთავაზოს საქართველოს, ისინი  საქართველოში ხალხი ნებას ხედავენ, მაგრამ ხალხის ნება არ ხურდავდება ხელისუფლების ნებაში“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. 

მისივე თქმით, ის, რომ ხელისუფლება არ იცვლება და ამ დროს ქვეყანაში სიტუაცია არ იცვლება, ეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება, ხალხი ღარიბდება, უცხოეთში მიდიან ახალგაზრდები, ეს არის კატასტროფული.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთს არადემოკრატიული საქართველო აწყობს, მას ნატოსი ან ევროკავშირის კი არ ეშინია, მას ეშინია იმის, რაც ნატოს და ევროკავშირს მოაქვს.

„ხელისუფლება ცალკე, ხალხის ნება ცალკეა. ამიტომ, ჩემი აზრით კარგი იქნება თუ პროტესტი გამოჩნდება „ქართული ოცნების“ მიმართ. ყოვლად მიუღებელია ის პოლიტიკა, რამაც ჩვენ მიგვიყვანა აქამდე, სიმართლე რომ ვთქვათ დიდი კატასტროფა არ მომხდარა, ჯობდა რომ დროულად მიგვეღო - ეს დაახლოებით ისეთია, თვითმფრინავზე რომ დააგვიანებ, მაგრამ კატასტროფა არ არის, დაელოდები ერთი ღამე და მეორე თვითმფრინავით წახვალ. 

შენ დაკარგე დრო, როცა დღეიდან შეგვეძლო სტარტი დაგვეწყო. ეს დრო ერთი ღამე კი არ იქნება, ეს იქნება წლები, სულ მცირე მგონია, რომ არჩევნებამდე არ გადახედავენ თავის ხედვას. არჩევნები 2024 წელს იქნება, თუ მანამდე ვადამდელი იქნება კი ბატონო, მაგრამ ვიდრე არჩევნები არ იქნება, ევროკავშირს არ ექნება შესაძლებლობა რამდენად „ქართული ოცნება“ და ქართული საზოგადოება მზად იქნებიან ეს რეკომენდაციები მიიღონ და შეასრულონ. 

გარდა ლაპარაკისა, ევროკავშირზე და ნატოზე არაფერი ხდება, მოქმედება არ ხდება. პირიქით, აღვირახსნილი კამპანია იმისკენ იყო მიმართული, რომ არ მიგვიღონ. რატომ არ უნდა „ოცნებას“  ახლა კანდიდატი იყოს საქართველო? იმიტომ რომ დემოკრატიას მოითხოვს, მაშინ არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს, სასამართლო უნდა იყოს დემოკრატიული... მათთვის მთავარი არის ძალაუფლების შენარჩუნება, ისინი საკუთარ თავზე ფიქრობენ. არა ევროკავშირი, არა ნატო, არა რუსეთი, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება. ძალაუფლების შენარჩუნებას ევროკავშირი არ გაპატიებს, კანონით უნდა იყოს ყველაფერი, შენი ამოცანა უნდა იყოს ხალხზე ზრუნვა და ხალხი უნდა გირჩევდეს, თუ არა ხალხმა უნდა შეგცვალოს.   

ის, რომ ხელისუფლება არ იცვლება და ამ დროს ქვეყანაში სიტუაცია არ იცვლება, ეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება, ხალხი ღარიბდება, უცხოეთში მიდიან ახალგაზრდები, ეს არის კატასტროფული... ქვეყანაში არაფერი საიმედო არ ხდება. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლება არის თუ არა პრორუსული, ეს რუსეთს აწყობს და ის რუსეთისკენ მისრიალებს. რუსეთს არადემოკრატიული საქართველო აწყობს, მას ნატოსი ან ევროკავშირის კი არ ეშინია, მას ეშინია იმის, რაც ნატოს და ევროკავშირს მოაქვს. რუსეთს დემოკრატიის ეშინია. რუსეთის მთავარი მტერი დემოკრატიაა.

უკრაინაში რისი ეშინია? იმის, რომ დემოკრატიული ხელისუფლება მოვიდა და უკრაინელი ხალხისთვის დემოკრატიული ხელისუფლება უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა. ეს დემოკრატია შეიძლება გადასულიყო რუსეთში და სწორედ ამის ეშინიათ მათ. რატომ ჰყავს ნავალნები და ოპოზიციონერები ციხეში ? ეს არის პრორუსული პოლიტიკა. მთავარი ნიშანი ეს არის, თუმცა იქ სხვა ბევრი ნიშნებიც არის“, - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.

17 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანდართული პირობებით. საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: 

📌 გამოკითხვა - გიქმნით თუ არა დისკომფორტს, რუსების მოჭარბებული რაოდენობა საქართველოში?

📌 რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

📌 „პოლონეთი დიდი ხანია, რუსეთის იარაღის ქვეშ არის“ - სტანისლავ ჟარინი

📌 🎥 უნდა დაისვარო ხელები! სუფთად არ ხდება… ასე დგომით და პლაკატის ჭერით არაფერი იცვლება - მარიამ გულედანი

📌 თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს