მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შესაძლოა, იმ ვითარების მოწმე გავხდეთ, რომ მადრიდის სამიტი ნატო-მოლდოვას ახალი ტიპის თანამშრომლობის დასაწყისად გადაიქცეს - თენგიზ ფხალაძე

საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე მადრიდში მიმდინარე ჩრდილოატლანტიკური სამიტის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, საზოგადოება შესაძლოა, იმ ვითარების მოწმე გახდეს, რომ ეს სამიტი გადაიქცეს ნატოსა და მოლდოვას ახალი ტიპის თანამშრომლობის დასაწყისად. 

როგორც „ევრონიუსს ჯორჯიას“ ეთერში თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, აღნიშნულ სამიტზე უნდა მოხდეს სტრატეგიული კონცეფციის მიღება. 

ფხალაძის განმარტებით, დღეს მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ დოკუმენტში, რომლითაც ნატომ შემდგომი 10 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს, ნათლად იქნეს შეფასებული ის მთავარი საფრთხე, რომელიც არსებობს და აქედან გამომდინარე დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები. 

„ამ სამიტზე უნდა მოხდეს სტრატეგიული კონცეფციის მიღება, წინა კონცეფცია მიღებული იქნა ლისაბონის სამიტზე და იქ რუსეთი განსაზღვრული იყო როგორც ნატოს პარტნიორი ქვეყანა. შესაბამისად, შემდგომი დოკუმენტები აგებული იყო იმაზე, რომ რუსეთთან უნდა განვითარდეს პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ვიცით, ეს მოცემულობა სრულიად შეცვალა უკრაინის კონტექსტმა, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა დადგა. 

დღეს მნიშვნელოვანია, რომ იმ სტრატეგიულ დოკუმენტში, რომლითაც ნატომ შემდგომი 10 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს, ნათლად იქნეს შეფასებული ის მთავარი საფრთხე, რომელიც არსებობს და აქედან გამომდინარე დაიგეგმოს ის ნაბიჯები, რასაც ჰქვია საფრთხეების შეფასება, რეაგირება და ასე შემდეგ. სწორედ ეს ჩანაწერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეს განსაზღვრას სტრატეგიული კონცეფციის სულისკვეთებას. 

ვხედავთ როგორი ტენდენცია წავიდა რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე, ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურები იყვნენ, იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რომ ალიანსში გაწევრიანდნენ. ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღო ფინეთ-შვედეთმა. მოლდოვა არის ის ქვეყანა, რომლის თავდაცვისუნარიანობა არის კრიტიკულად დაბალი, ფაქტობრივად, მას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა არ აქვს, აქედან გამომდინარე მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია კონკრეტული რეფორმების გატარება თავდაცვის უნარიანობის ასამაღლებლად და ამ შემთხვევაში ნატოზე უკეთესი პარტნიორის მოაზრება მართლაც ძალიან რთულია. 

ასე რომ ჩვენ შეიძლება გავხდეთ იმ ვითარების მოწმე, რომ ეს სამიტი გადაიქცეს ნატოსა და მოლდოვას ახალი ტიპის თანამშრომლობის დასაწყისად“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ კონკრეტულ სამიტზე საქართველოსთან მიმართებით რა არის მოსალოდნელი? თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით განახლებული პაკეტებია მოსალოდნელი. 

„საქართველოსთან მიმართებით განახლებული პაკეტია მოსალოდნელი, რომელიც ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში, დაეხმარება ქვეყანას თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში, ჩვენ ჯერ კვლავ ვიმყოფებით იმ ფაზაში, როდესაც ალიანსი არ არის მზად იმ ტიპის გადაწყვეტილების მიღებისათვის, რაც წინ წაწევდა გაწევრიანების პოლიტიკურ ნაწილს, მაგალითად როდესაც საქმე ეხება თანამშრომლობის და გაწევრიანების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, მაშინ აქცენტი კეთდება თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მექანიზმებს, მით უმეტეს ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. 

ვიცით, რომ გვაქვს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც 2014 წელს უელსის სამიტზე გადმოგვეცა და ამ პაკეტმა უაღრესად დიდი როლი შეასრულა ქართული შეიარაღებული ძალების განვითარებაში და არა მხოლოდ. საუბარია ამ ყველაფრის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რაც ბევრ მიმართულებას გულისხმობს, ეს არის ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი წვრთნები და ბევრი სხვა რამ, რამაც საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა კიდევ უფრო დაცული უნდა გახადოს. საუბარია როგორც კონვენციურ საფრთხეებზე, ასევე არაკონვენციურზე“, - დასძინა თენგიზ ფხალაძემ. 

შეგახსენებთ, ესპანეთის დედაქალაქში ნატოს სამიტი იმართება. აღნიშნული სამიტი 18 ივნისს გაიხსნა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ასევე მიწვეულია საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი. 

ასევე სამიტზე იმყოფებოდა თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ალიანსი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება, რაც რუსეთის ფედერაციის შეფასებით ნეგატიურია. კრემლში მიიჩნევენ, რომ სკანდინავიური ტანდემის ალიანსში წევრობა დესტაბილიზაციას გამოიწვევს. 

ამავე თემაზე: 

🔴  რუსეთი ნეგატიურად აფასებს ნატოს გაფართოებას, ფინეთ-შვედეთისთვის კი ალიანსში წევრობა დესტაბილიზაციას იწვევს - რუსული მხარე

🔴 „რუსეთი ნატოს უშუალო საფრთხეა“ - ალიანსი ახალ კონცეფციას ამზადებს

🔴  თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიწვევას დათანხმდა

🔴 ყველაზე დიდი დაბრკოლება გადალახულია - ნატო ორ ახალ წევრს იღებს - BBC