მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ ხოშტარია გასაკიცხი და მოღალატეა, მაშინ საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 20%, რომელიც რუსეთიდან შემოსული თანხებით ირჩენს თავს, ყველა ისეთივე მოღალატე ყოფილხართ - კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

„ფრიად სახალისო და ამავე დროს სევდის მომგვრელი დისკუსია წამოიწყო ტელეიმედმა ელენე ხოშტარიას მამის ბ-ნ გოგი ხოშტარიას რუსული წარმოშობის შემოსავლებთან დაკავშირებით. სახალისო იმიტომ, რომ საშინლად პრიმიტიულია და სევდის მომგვრელია  იმიტომ, რომ ქართველი მაყურებლის მიამიტობაზე და გაუცნობირებულობაზეა აგებული,“ - ამის შესახებ  რონდელის ფონდის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გოგოლაშვილი წერს, საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 20% რუსეთიდან შემოსული ფულით ირჩენს თავს.

„მათი წარმოდგენით, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის შემოსავალს იღებს ადამიანი, მთავარია რომ რუსეთიდან მოდის და ეს უკვე დანაშაულიაო. კი ბატონო, მაშინ ყველას ვინც პირდაფჩენილი უსმენს ამ სისულელეს შევახსენებ, რომ საქართველოს საექსპორტო პროდუქციის 10 პროცენტი რუსეთის ბაზრებზე გადის. ასე რომ, ქვეყნის საექსპორტო შემოსავლების 10% სულ რუსული ფულია.

ე.ი ის ხალხი ვინც რუსეთში აგზავნის თავის ნაწარმს, ღვინო იქნება ეს, ვაშლი, მწვანილი თუ აზოტის სასუქები გასამრჯელოდ ისეთივე რუსულ ფულს იღებს, როგორსაც ბატონ გოგი ხოშტარიას ამადლიან.

წარმოიდგინეთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ბიზნესმენებზე, რომლებიც ამ პროდუქტის წარმოებას და რეალიზაციას აორგანიზებენ, არამედ იმ ფერმერებზე და დაქირავებულ გლეხებზეც, რომლებსაც მოჰყავთ ყურძენი, შემდეგ ამ ყურძნისგან სხვა მუშები ღვინოს წურავენ, შემდეგ მძღოლებს მზა პროდუქტი მანქანებით რუსეთში მიაქვთ და იქ იყიდება რუსულ ფულზე.

რა თქმა უნდა, ეს ფული ჩამოდის საქართველოში და ნაწილდება პროცესში ჩართულ ყველა მოქალაქეზე. ანუ ესენი ყველანი ბატონ გოგი ხოშტარიასავით რუსულ ფულს იღებენ. მეტსაც გეტყვით, მაგ ლოგიკით, რუს ტურისტს, რომ ხაჭაპურს მიყიდის კაცი ან ტაქსით რომ წაიყვანს, სასტუმროში რომ დააბინავებს თუ ბინას მიაქირავებს, ისინი ყველა რუსულ ფულს ხომ იღებენ გასამრჯელოდ.

რით განსხვავდება ამ ფულისგან ის ფული, რომელსაც ელენეს მამა თავისი ბიძის საავტორო უფლებების მემკვიდრის სახით იღებს, როდესაც მისი პროდუქტი - სცენოგრაფია თუ სპექტაკლის დეკორაცია გამოიყენება რუსული თეატრის მიერ! საავტორო უფლება, მარტივად რომ ვთქვათ, იგივე პროდუქტია, რაც ყურძენი, ოღონდ მას ინტელექტუალური პროდუქტი ჰქვია“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. 

მისი თქმით, რუსეთში მცხოვრები ქართველები, რომლებიც ხელფასის ნაწილს თავის ნათესავებს უგზავნის საქართველოში, გამოდის რომ  ყველა მოღალატეა. 

„ახლა რაც შეეხება იმას, რომ თურმე ბატონ გოგის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება ზოგიერთი თანხებიო. მეგობრებო, რუსეთის თეატრების უმეტესობა საბიუჯეტო ორგანიზაციებია ეს ერთი, მეორეც, რუსეთში არსებობს საავტორო უფლებების სახელმწიფო ფონდი, რომელიც ახდენს ანგარიშსწორებას ნებისმიერი სახის საავტორო უფლებების მფლობელებთან - მწერლებთან, მხატვრებთან, კომპოზიტორებთან ან მათ მემკვიდრეებთან.

ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ჯერ ხალხმა მასობრივად არ იცის ეს მარტივი საკითხები. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენმა კომპანიამ, რომ ღვინო რუსულ სახელმწიფო კომპანიას ან რაიმე საბიუჯეტო დაწესებულებას მიყიდოს განა ანაზღაურებას რუსეთის ბიუჯეტიდან არ მიიღებს? მოკლედ, თუ ხოშტარია გასაკიცხია და მოღალატეა, მაშინ საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 20%, რომელიც რუსეთიდან შემოსული თანხებით ირჩენს თავს - ექსპორტითა და ტურისტული მომსახურებით, ყველა ისეთივე მოღალატე ყოფილხართ.

უფრო მეტიც, მაშინ კიდევ უფრო მეტად მოღალატეა ყველა ის, ვინც რუსულ ნაწარმს ან მომსახურებას ყიდულობს, რადგან ამით რუსეთის ბიუჯეტს ავსებს. კიდევ ერთს ვიტყვი, გამოდის, რომ ყველა ის ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, იქ ბიზნესები აქვს (და აქ ფრთხილად იყოს იმედი და მისი ხელმძღვანელობა) ან ისინი, ვინც იქ შრომობს და ხელფასის ნაწილს თავის ნათესავებს უგზავნის საქართველოში, ან ისინი ვინც ამ ფულს იღებენ და ამით თავს ირჩენენ.

ეს ხალხი, ყველა მოღალატე ყოფილა! ასე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ან რუსული წარმოშობის ფულით ირჩენს თავს ან რუსეთის ბიუჯეტს ავსებს მათი ნაწარმის შეძენით. ასე რომ, ბ-ნი გოგი ხოშტარიას და ირიბად მისი ქალიშვილის ელენე ხოშტარიას დისკრედიტაციის მცდელობით, ტელეიმედმა ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის პატიოსნება და პატრიოტიზმი.

თუ ეს ხალხი გაიაზრებს ამას ყველაფერს, არა მგონია, რომ ამ იდეის ავტორებს კარგი დღე დაადგეთ. რაც მალე მოუხდიან ბოდიშს დამსახურებულ და პატივსაცემ ადამიანს, მით მალე გადაურჩებიან საკუთარი მაყურებლების რისხვას და გაკიცხვას“, - წერს რონდელის ფონდის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს რუსეთიდან ყოველთვიურად მილიონობით ლარი ერიცხება.

აღნიშნულ ინფორმაციას ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და მას აფიორა უწოდა. როგორც ხოშტარიამ განმარტა, მისი მამა თეატრის მხატვრის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ელენე ხოშტარიას წინაპრები იცით ვინ იყვნენ? კარგია მერე თეატრიდან რომ იღებს - მამუკა ხაზარაძე

👉 გია ცაგარეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: ყელსაბამი მშვენივრად მოირგო, ეტყობა რუსეთიდან გადმორიცხული ფულით ჰქონდა ნაყიდი და ყელმოღერებული გვამუნათებდა

👉 „არ გამოვა ეს აფიორა“ - ელენე ხოშტარია „იმედს“ პასუხობს

👉 გია ცაგარეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს ამ სიყალბისთვის და სიცრუისთვის, კიდევ აქეთ ამუნათებს საზოგადოებას და „აპრავებს“ თავის უკეთურ საქმეს