მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დარჩნენ საარჩევნო პროცესში

ევროკავშირის საბჭოს შტაბ-ბინა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ევროპარლამენტარების დელეგაციასთან კომუნიკაციის საფუძველზე შეფასებას, ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველ ტურში დაფიქსირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, მოუწოდებს ყველა პარტიას დარჩნენ საარჩევნო პროცესში და მონაწილეობა მიიღონ ხმების გადათვლისა და საჩივრების განხილვის პროცესში.

„30 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებს დაუბრუნდნენ. ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიის წევრებისა და ადგილობრივ დამკვირვებლების მხრიდან გამოჩენილი მთელი ძალისხმევისა და ჩართულობისთვის COVID 19-ის პანდემიის ფონზე. ჩვენ გულთბილად მივესალმებით არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც ეუთო/ოდირი და ევროპარლამენტის დელეგაცია ახორციელებს ასევე მეორე ტურში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და რომ კამპანია იყო კონკურენტუნარიანი, მან ასევე დაფიქსირდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის შესახებ, ასევე რესურსების მკვეთრი დისბალანსის კუთხით, რამაც მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა.

პირველი ტურის შემდეგ ჩვენ განვაცხადეთ, რომ აღნიშნული დარღვევები არ უნდა იქცეს ნორმად საქართველოში. ვწუხვართ, რომ ამ არჩევნებზე ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაიდგა.

პირიქით, გაჩნდა შემდგომი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გააძლიერა.

ამ არჩევნებამდე გაკეთებული წინადადებები, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს ადგილობრივ საკრებულოებთან, თუ იქ ოპოზიციური უმრავლესობა იქნება, შემაშფოთებელია, რადგან ისინი ცდილობენ შეზღუდონ ამომრჩეველთა არჩევანი და პლურალიზმი.

მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დარჩნენ საარჩევნო პროცესში. საზოგადოების ნდობა მისი მთლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლას და საჩივრებისა და მიმართვების სამართლიან განხილვას. ამ კუთხით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სასამართლოებს აკისრიათ მთავარი პასუხისმგებლობა უახლოეს დღეებში.

ველით, რომ საქართველოს ლიდერების მხრიდან იქნება ჭეშმარიტი ძალისხმევა, რათა შეიქმნას პოლიტიკური კლიმატი, რომელიც ხელსაყრელი იქნება საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. ეს მოიცავს განმეორებით ვალდებულებების შესრულებას მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში, ისევე როგორც ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიის ღირებულებებზე, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და კანონის უზენაესობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე, ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი, მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

თვითმმართველ თემებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გამონაკლისია წალენჯიხა სადაც ენმ-ის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ლოზუნგი - „არჩევნები გაუქმებულია“ მცდარია“ - გიგა ბოკერია

👉„ხალხს აღარ აინტერესებს მიტინგები, რევოლუცია არავის უნდა“ - სოსო ცინცაძე

👉 „სააკაშვილმა ჯამური ოპოზიცია უფრო დააზიანა, ვიდრე სარგებელი მოუტანა“ - გია ხუხაშვილი