მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5 ეტაპი სრულყოფილი აგრობიზნესის დაწყებისთვის

 5 ეტაპი სრულყოფილი აგრობიზნესის დაწყებისთვის

ბოლო პერიოდში, ბიზნესსექტორისთვის სოფლის მეურნეობის ინდუსტრია მიმზიდველი მიმართულება გახდა. როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, არაერთი ფიზიკური თუ იურიდიული პირი ცდილობს, ამ სფეროში საკუთარი თავი და შემოსავლის წყარო იპოვოს. ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი პანდემიის შემდგომ პერიოდში გახდა. რუსეთ-უკრაინის ომის გამო გამოწვეულმა სასურსათო კრიზისმა კი სოფლის მეურნეობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა. საბოლოოდ, ეს სექტორი ქვეყნების უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად გადაიქცა.

ისევე, როგორც ყველა სხვა საქმიანობაში, სოფლის მეურნეობის ოპერირებისასაც არსებობს „ოქროს წესები“. „აგრო სოლუშენს ჯგუფი“ გვიყვება იმ ხუთ ეტაპზე, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ წარმატებული აგრობიზნესის წამოწყებისთვის.

სამიზნე სექტორის დეტალური შესწავლა

საქმიანობის დაწყებამდე, აუცილებელია, განსაზღვროთ, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის რომელ მიმართულებაში გსურთ ოპერირება და რამდენად შეძლებთ გამკლავებას. იგულისხმება როგორც ფინანსური, ისე - ინტელექტუალური რესურსები. გარდა ამისა, უნდა შეაფასოთ არსებული ბაზარიც, ანუ, რა რაოდენობით არის სასურსათო ბაზარზე ის პროდუქტი, რომლის წარმოებასაც თქვენ აპირებთ. ამ ინფორმაციის მისაღებად, ცხადია, ბაზრის კვლევა და ანალიზი დაგჭირდებათ. შედეგები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მიხედვით, აუცილებლად განსხვავებული იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ინტელექტუალური რესურსების მოძიებაა. საქმიანობის ყველა ეტაპზე საჭიროა პროფესიონალი კადრების ჩართულობა და სპეციალისტების გუნდის ჩამოყალიბება.

მიწის ნაკვეთის შერჩევა მიზნობრიობის მიხედვით

პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, შესაბამისი მიწის მოძიების პროცესი იწყება. უნდა განისაზღვროს ნაკვეთის პოტენციალი და მისი თანხვედრა თქვენს ბიზნესმოდელთან. იმისათვის, რომ თქვენმა ინვესტიციამ გაამართლოს, აუცილებელია ნაკვეთის აგროტექნიკური შეფასება. ეს საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ ნაკვეთის შესაბამისობა თქვენს აგრო საქმიანობასთან, შეაფასოთ რისკები და დაახლოებით განსაზღვროთ ამ რისკების შემცირების გზები. რადგან მიწა სოფლის მეურნეობაში პირველადი რესურსია, მნიშვნელოვანია მისი პარამეტრები, როგორიცაა სტრუქტურა, ქიმიური და მექანიკური შემადგენლობა. ამასთან, ამავე ეტაპზე უნდა ვიცოდეთ, რამდენია კულტივირებადი ფართობის წილი ჩვენი ნაკვეთის მთლიანი ფართობიდან. ეს სწორი პროექტირების წინაპირობაა.

ბიზნესგეგმის მომზადება

მესამე საფეხური უკვე კონკრეტული ბიზნესგეგმის მოდელის შექმნაა. განსაზღვრეთ, რა კაპიტალი გჭირდებათ მომავალი საქმიანობისთვის. დარწმუნდით, რომ საკმარისი რესურსები გაქვთ საქმის დასაწყებად და, რაც ყველაზე მთავარია, მის შესანარჩუნებლად. ხშირად, აგრობიზნესის წარუმატებლობა საქმიანობის აქტიურ პროცესში, სწორედ რესურსების უკმარისობითაა გამოწვეული.

ბიზნესგეგმაში გაწერილი უნდა იყოს საოპერაციო ხარჯები, ყოველწლიური შემოსავლები, ფულადი ნაკადების მოძრაობა და დრო, როდესაც ნულოვანი მოგების წერტილს მიაღწევთ. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორი სტრატეგიის განსაზღვრასა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან აცილებაში.

ნაკვეთის ზუსტი პროექტირება

იმისათვის, რომ ნაკვეთი ოპტიმალურად ავითვისოთ, აუცილებელია ნაკვეთის დეტალური აგრონომიული და საირიგაციო პროექტირება. ზუსტი სოფლის მეურნეობის პრინციპებიც სწორი პროექტირებისა და სარწყავი წყლის რესურსების გონივრულ მენეჯმენტს გვასწავლის.

აგრონომიული პროექტირება საშუალებას გვაძლევს, დეტალურად განვსაზღვროთ შემდეგი საკითხები: საპროექტო ტერიტორიის საზღვრები, მცენარეთა გაშენების სქემა სექტორების მიხედვით, შიდა გზები, ქარსაცავი და ა.შ. საირიგაციო პროექტირება კი საჭირო წყლის ოდენობის დეტალურ განსაზღვრას, სისტემის სწორი პროექტის შედგენას (მაგისტრალური და ქვემაგისტრალური მილები, საფერტიგაციო ცენტრი, ფილტრაციის და სატუმბი სადგურები), რეზერვუარისთვის ოპტიმალური ტერიტორიის შერჩევას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს.

ხარისხიანი მასალა და ნედლეული

არ აქვს მნიშვნელობა, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის რომელ მიმართულებას ირჩევთ, იქნება ეს მეცხოველეობა, თუ მიწათმოქმედება. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია ხარისხზე ორიენტირება. შეიძინეთ ხარისხიანი, სერტიფიცირებული სანერგე და სათესლე მასალები, ჯიშიანი პირუტყვი, ხარისხიანი ნედლეული და ა.შ.

ერთი შეხედვით, შესაძლოა სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართვა მარტივად გვეჩვენება. სინამდვილეში კი წარმატებული აგრობიზნესი ცოდნასა და სწორ ინვესტიციაზეა დამყარებული.  მნიშვნელოვანია, მომავალ ფერმერს წინასწარ ჰქონდეს გაწერილი და გააზრებული აგრო სექტორში ოპერირებისთვის საკვანძო საკითხები. შედეგად, გაღებული ინვესტიცია გამართლებული იქნება, წარმოება კი - წარმატებული და მოგებიანი.